ერთმანეთის დახმარებას, ერთმანეთისთვის სტიმულის მიცემას და გაძლიერებას ემსახურება ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები. განსაკუთრებით საინტერესოა, როცა შეკრებილები წარმატებული ქალების ისტორიას ისმენენ და ფსიქოლოგიც თვითშეფასების ამაღლებისკენ მოუწოდებს.
ქუთაისის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფს წარმატებული სტუმარი ჰყავდა. ასე იყო წყალტუბოს და თერჯოლის შეხვედრებზე. ეს კარგი მოტივაცია იყო ჯგუფის წევრებისთვის.
ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა ხურჩაში, ქობულეთში. ქალებმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერის შესახებ. თერჯოლაში ჯგუფის წევრების წინაშე გამოვიდა ჩვენი ფორუმ-თეატრი და წარმოდგენებს გულახდილი, ემოციური დისკუსია მოჰყვა...
ნოემბერში შეხვედრები ჩატარდა ყველა ჯგუფში. ყოველი ახალი შეხვედრა იმის დასტურია, რომ ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს რეგიონებში მცხოვრები ქალების გაძლიერებისთვის.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაცია აძლევს ქალებს.
ასევე ყველა მონაწილეს მიეწოდა ინფორმაცია კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ.
მონაწილეებს ჰქონდათ არაერთი შეკითხვა კამპანიის შესახებ, მუნიციპალურ პროგრამებზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაზე და სათანადო პასუხებიც მიიღეს.
ყველა ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება 16-დღიან კამპანიაში, რადგან ეს კამპანია სწორედ მათნაირი ქალების მხარდასაჭერად იმართება მთელ მსოფლიოში.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
უჩვეულოდ ჩატარდა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების შეხვედრები. ყველამ დაინახა გაწეული მუშაობის შედეგი და სარგებელი. ისაუბრეს გამარჯვებულ ან დაუფინანსებელ ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე.
სენაკში დაიწყო ინიციატივის განხორციელება - ქათმის ფერმა კიდევ უფრო გაიზრდება. ხობში მოხდა სატუმბი ძრავების შესყიდვა, რაც საჭიროა დევნილთა თემისთვის. წალენჯიხაში ქალებს გადაეცათ საკერავი მანქანა და საყინულე მაცივარი - ის, რისი სურვილიც ჰქონდათ სამოქალაქო ინიციატივებში.
თერჯოლაში ორ გამარჯვებულს გადაეცა მიკრობიზნესისთვის საჭირო ხელსაწყოები და მასალები. მათ მონაწილეობა მიიღეს თერჯოლობის დღესასწაულზე, სადაც წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები: ჩანთები, ბროშები, საყელოები, სხვადასხვა აქსესუარი...
ინიციატივების დაფინანსება დიდი სტიმულია ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებისთვის. მეორე ეტაპზე ყველა აპირებს ჩართვას, რადგან დაინახეს, რომ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები მართლაც ერთმანეთის დახმარებისა და გაძლიერებისთვისაა შექმნილი.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ჩვენი ორგანიზაცია საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ მისიას ატარებს და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახის მხარდაჭერას და დახმარებას უწევს ქალებს. ერთ-ერთია მობილური ტელეფონების გადაცემა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებისთვის. სმარტფონი დღეს აუცილებელია ყველასთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალება და ინფორმაციის მიღების წყარო.
ამიტომ ოქტომბერში ქალებს, რომელთაც უჭირდათ ამ მიზნით თავიანთი ტელეფონების გამოყენება, ორგანიზაციამ ახალი სმარტფონები გადასცა - სენაკში, ქუთაისსა და თერჯოლაში. ეს ნიშნავს, რომ გაუმჯობესდება მათი კომუნიკაციის და ინფორმირებულობის ხარისხი.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებში დაიწყო ინიციატივების განხორციელების პროცესი. ჯგუფებმა 18 ინიციატივა წარმოადგინეს და მათგან 8 დააფინანსა ჩვენმა ორგანიზაციამ.
ოქტომბრის დასაწყისში ინიციატივების ავტორებს გადაეცათ მასალები, ხელსაწყოები და ისინი შეუდგებიან თავიანთ საქმეებს.
პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი აღნიშნავს: - ინიციატივების განხორციელება დიდი მხარდაჭერაა მოწყვლადი ჯგუფების ადამიანებისთვის. ეს ხელს უწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, სერიოზული სტიმულია მათთვის და მათი ოჯახებისთვის. ამიტომ ყველა, ვინც დაფინანსება მიიღო, მადლობას უხდის ჩვენს ორგანიზაციას. ჯგუფები კიდევ უფრო გაზრდილი მოტივაციით ჩაერთნენ მუშაობაში. ისინი, ვისაც ახლა არ მიუღია დაფინანსება, მოემზადებიან მეორე ეტაპისთვის.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
საინტერესო ფორმატით წარიმართა დიალოგი სამოქალაქო განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებთან. ონლაინ შეხვედრის თემა - „მიგრაციის ფსიქოსოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სტრუქტურული ასპექტები და მისი პრევენციის ღონისძიებები“.
მონაწილებს გავაცანით ფონდი „სოხუმის“ კვლევის მიგნებები, ციფრული რესურსი www.sosfsokhumi.ge, ვისაუბრეთ ქალთა მიგრაციის ძირითად ფაქტორებზე, უკონტროლო მიგრაციის ფსიქოსოციალურ შედეგებსა და შემცირების მნიშვნელობაზე.
გაიმართა საინტერესო დიალოგი მიგრაციის პრევენციის მექანიზმებზე, მიგრაციული ტენდენციის ჯგუფებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გაგვიზიარეს საკუთარი დაკვირვება, რომ თუ წინა წლებში მიგრაცია უფრო ქალაქის მოსახლეობას შეეხებოდა, უკვე სოფლებიც იცლება, რადგან სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულად შემოდის ინოვაციები, ნიადაგი გამოიფიტა, შემოსავალმა მნიშვნელოვნად იკლო. ნაკლებად ხდება წარმატებული ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია.
ითქვა, რომ უკონტროლო მიგრაციის შემცირება რთულია შესაბამისი პოზიტიური სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გარეშე, მაგრამ ამის პარალელურად, აუცილებელია, საზოგადოებამ გაიაზროს, რა ნეგატიური ფსიქოემოციური შედეგები მოსდევს მიგრაციას ოჯახებისთვის: გაუცხოება, მშობლების სითბოს მოკლებული ბავშვები, ზედმეტად მძიმე ზრუნვის ტვირთი ხანდაზმულებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ „ტვინების გადინებაზე“, დემოგრაფიული სურათის შეცვლაზე. ამიტომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საზოგადოებრივი დიალოგი მიგრაციის საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გეგმის მიხედვით წარიმართა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში. ხუთი შეხვედრა ასისტენტმა ნინო ჭაბუკიანმა ჩაატარა თერჯოლაში, ვანში, ქუთაისში, წყალტუბოსა და ქობულეთში, დანარჩენი ხუთი შეხვედრის ორგანიზება და ჩატარება კი ლიდერების საქმეა და კარგადაც გაართვეს თავი.
ზუგდიდში, ჩოხატაურში, სენაკში, წალენჯიხასა და ხობში გამართულ შეხვედრებზე ჯგუფების წევრებმა განიხილეს სამოქალაქო ინიციატივების კონკურსთან დაკავშირებული საკითხები. აქცენტი გაკეთდა შენიშვნებზე, რომ შემდეგ ეტაპს უფრო მომზადებულები შეხვდნენ.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქუთაისის, ხონის, ხობის ქალთა ჯგუფებში სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებისთვის მზადება იწყება. მას წინ უძღოდა სამოქალაქო დიალოგი მიგრაციის მიზეზებზე, მის ფსიქოსოციალურ შედეგებზე და პრევენციის გზებზე.
შეხვედრებზე საინტერესო მოსაზრებები გააჟღერეს ახალგაზრდებმა, რომელთაც საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გააჩნიათ და მიიჩნევენ, რომ არის უამრავი ფაქიზი თემა, რომლის გააზრება საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მათი დაკვირვებით, ზოგჯერ მშობლები ძვირადღირებული ნივთებით თავისდაუნებურად შვილების თანატოლებთან გაუცხოებას უწყობენ ხელს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები საინიციატივო ჯგუფებთან, ხდება ღონისძიებების დაგეგმვა და სათანადო რესურსების მოძიება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ივლისში გაგრძელდა სამოქალაქო დიალოგი ქუთაისის, ხონის, ხობის ქალთა ჯგუფებში. მონაწილეებმა მიგრაციის მიზეზებზე, მის ფსიქოსოციალურ შედეგებზე და პრევენციის გზებზე ისაუბრეს.
საინტერესო იყო მათი ხედვა, რა უნდა გაკეთდეს მიგრაციის შემცირების და მისი შედეგების შემსუბუქების, ემიგრაციაში მყოფი ქალების რეინტეგრაციის და მათ ოჯახებში ფსიქოსოციალური კლიმატის გაუმჯობესების; მიგრანტი მშობლების ბავშვების ემოციური და ქცევითი მდგომარეობის თავისებურებების საკითხში პედაგოგებში ცნობიერების ამაღლების კუთხით. ზოგიერთმა მონაწილემ ამ საკითხზე თავისი გამოცდილება გაგვიზიარა:
„ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ტრავმა დამიტოვა მშობლების ემიგრაციამ, ზოგ მათგანს დღემდე ვებრძვი. ყველაზე უფრო, რაც ემიგრანტი მშობლების შვილებს სჭირდებათ, არის სწორი გარემო“.
„ყველაზე მეტად სკოლის პერიოდი უნდა იყოს მათთვის ჯანსაღი, რადგან სწორედ მასწავლებელმა დააბრუნა ჩემში სინათლე“.
მონაწილეთა ნაწილმა საკუთარი ემოციების გასაჯაროობის სურვილი გამოთქვა:
„მაქვს ჩანახატები და შეგიძლიათ გააზიაროთ, რომ შემეძლოს, ყველას მივცემდი ძალას, რომ ჩემსავით ისაუბრონ ტკივილებზე“.
„სიამოვნებით ჩავერთვები საინტერესო ისტორიების აკინძვაში. მე თავადაც მაქვს მიგრაციის ხანმოკლე, მაგრამ ტკივილიანი გამოცდილება. სხვაც ბევრი ვიცი, ვინც სიამოვნებით გააზიარებდა თავის ემოციას“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
