
ფონდი „სოხუმი“ სისტემატიურად იკვლევს და სწავლობს უსაფრთხოების დაბალი ხარისხისა და ძალადობის მაღალი რისკის ადგილებში, მათ შორის აფხაზეთთან, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მდგომარეობას. მოსახლეობის მდგომარეობის შესაფასებლად, ჩვენ შევიმუშავეთ და დავნერგეთ კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების, გენდერზე ორიენტირებული სისტემა (Gender Responsive Early Warning System), რომელიც წარმოადგენს გენდერულად მგრძნობიარე კონფლიქტის ანალიზის კომპლექსურ მექანიზმს. კვლევა ჩატარდა 2020 წლის სექტემბერ-დეკემბერში და მოიცვა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე 11 მუნიციპალიტეტი - ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი (კოკი, ხურჩა, შამგონა, კახათი), წალენჯიხა (ფახულანი, წყოუში), ლანჩხუთი, ოზურგეთი, ქობულეთი და ასევე გალის რაიონის გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლები (ნაბაკევი და საბერიო).
ახალი პუბლიკაციაში: „COVID-19 კრიზისის გავლენის გენდერული განზომილება და პანდემიაზე რეაგირების ეფექტიანობა“ აღწერილია პანდემიის გავლენა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და გოგონების ადამიანურ უსაფრთხოებაზე და ასევე ასახულია მოსახლეობის დამოკიდებულება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გატარებული პოლიტიკის ეფექტიანობის მიმართ.

ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის ახალ ანგარიშს „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური პროგრამები და გენდერული ბიუჯეტი“. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა ორგანიზაციის სამიზნე 12 მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტებში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამები და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული ადგილობრივი პოლიტიკა. ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები და მათი ანალიზის საფუძველზე შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და ასევე სამხარეო ადმინისტრაციის საყურადღებოდ.
ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის მორიგ ანგარიშს „COVID 19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“. ანგარიში ასახავს ფონდი „სოხუმის“ სამიზნე რეგიონებში, კერძოდ კი დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში COVID-19 პანდემიით გამოწვეულ, ოჯახში ძალადობის კუთხით შექმნილ მდგომარეობას და მის გავლენას ქალებისა და გოგონების ცხოვრებაზე.
„მასწავლებლისგან გამიგონია ფრაზა: „ეს საქციელი გოგოს არ შეჰფერის“, თუმცა იქვე მოსწავლისგან პასუხი იყო ასეთი: „მასწავლებელო, საქციელს სქესი არ გააჩნია“ - პუბლიკაციაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ეს სიტყვები.