ყოველთვის საინტერესოა მუშაობა ადამიანებთან, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა და ემპათია არსებულ სიტუაციაში. სწორედ ასეთი ადამიანები ჩამოდიან ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში. მარტში აქ იმყოფებოდნენ ქალები და არასწრულწლოვნები. იყვნენ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან დედის გარეშე. მათ სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა. ცენტრის თანამშრომლები სისტემატურად მუშაობდნენ ბენეფიციარებთან.
ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე აღნიშნავს: „ოჯახსუდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის აგრესიულობის ჩამოყალიბებაში. აგრესიული რეაქციების დამახასიათებელ სტილს ადამიანი ინარჩუნებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამგვარ პრობლემებს წავაწყდით მუშაობის პროცესში, მაგრამ ჩვენმა მონდომებამ სასიკეთოდ იმოქმედა ბავშვებზე. ეს მათ ნახატებშიც ჩანს“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობისას იყენებს ტრავმა-ინფორმირებულ მიდგომას, რომელიც მათ რეაბილიტაციასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაში ეხმარება.
ეს მეთოდი ემყარება ემპათიას, უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას. სპეციალისტები ქალებს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, არამედ მათ გაძლიერებაზე, შესაძლებლობების განვითარებასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნებაზე მუშაობენ.
ტრავმა-ინფორმირებული მიდგომა საშუალებას აძლევს ძალადობის მსხვერპლებს, გააანალიზონ საკუთარი გამოცდილება, მიიღონ საჭირო დახმარება და საკუთარი ძალების რწმენა დაიბრუნონ. ეს პროცესი მნიშვნელოვანია მათთვის, რომ გაძლიერდნენ და შეძლონ ახალი ცხოვრების დაწყება.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს მუშაობას, რათა უფრო მეტმა ქალმა მიიღოს საჭირო მხარდაჭერა და შექმნას ღირსეული და დამოუკიდებელი მომავალი.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ძალადობაგამოვლილ ქალებს ეხმარება ძალების აღდგენასა და ცხოვრების თავიდან დაწყებაში. სოციალური მუშაკებისა და სპეციალურად გადამზადებული პარასპეციალისტების მხარდაჭერით, ქალები იღებენ საჭირო რჩევებს, რესურსებს და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს. ეს პროცესი არა მხოლოდ ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციას, არამედ აძლიერებს მათ, რათა შექმნან საკუთარი უსაფრთხო და ღირსეული მომავალი. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც თითოეულ ქალს აქვს საჭირო მხარდაჭერა, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ძალადობისგან თავისუფალი სამყაროსკენ.
ქუთაისში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ბაგა-ბაღები, ოჯახი, თემი - სოციალური პარტნიორობა ბავშვის კეთილდღეობისთვის“.
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის - „სკოლამდელი დაწესებულებების სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის ძირითადი ასპექტები“ შესახებ.
დისკუსიამ გამოკვეთა ინფორმაციის გაცვლის და კოორდინაციის მნიშვნელობა იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების დაცვის, სხვადასხვა სოციალური სერვისის მიწოდების მიმართულებით.
„პრობლემა ბევრია, თუმცა ჩვენ, ყველას, მშობლებისა და თემის მონაწილეობის გაძლიერებით შეგვიძლია დავძლიოთ ის წინაღობები, რომლებიც ხელს უშლის ბავშვისთვის სრულფასოვანი, პოზიტიური გარემოს შექმნას, “- ასეთი იყო მონაწილეთა განწყობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, ბავშვის უფლებადამცველები, სპეციალური სერვისის მიმწოდებელი ცენტრები, საბავშვო ბაღის მმართველები, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში, ბავშვის უფლებათა ცენტრში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ბაგა-ბაღები, ოჯახი, თემი - სოციალური პარტნიორობა ბავშვის კეთილდღეობისთვის“.
შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, ჟურნალისტები, ბავშვის უფლებადამცველები, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის მმართველები და დარგის სპეციალისტები, ექსპერტები.
მონაწილეებმა გაეცნენ კვლევას „სკოლამდელი დაწესებულებების სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის ძირითად ასპექტებზე“, ძირითად მიგნებებს, რომლებიც სკოლამდელი დაწესებულებების სასწავლო აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის მიმართულებით იკვეთება.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაციები ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის პოზიტიურ ზეგავლენაზე, საინტერესო პრაქტიკასა და იმ გამოწვევებზე, რომელთაც ამ სფეროში აწყდებიან. მათი შეფასებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს მშობლებსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სუბიექტებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაზრდას, სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საქართველოში ქალთა კონგრესი მარტში დაარსდა. მისი ჩატარების იდეა წარმოიშვა 2024 წელს პოლონელ ქალთა კონგრესში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მონაწილეობის შემდეგ. კონგრესის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება დემოკრატიის მშენებლობაში, მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მიღწევა.
კონგრესში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სფეროს და თაობის ქალებმა, რომლებიც დაინტერესებულები არიან აქტუალური საკითხებით: ძალადობის პრევენცია, ანტიგენდერული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული პოლიტიკის გატარება, „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის განხორციელება და სხვ.
საქართველოში კონგრესის მხარდამჭერები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები. ქალთა კონგრესს ესწრებოდნენ ქალები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენს ორგანიზაციასთან.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევა სკოლის მოსწავლეებში კიბერთავდასხმებისა და ონლაინ ძალადობის გამოცდილებას, მის გენდერულ განზომილებას და გავლენას ეხება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 192 მოსწავლემ დასავლეთ საქართველოს ათი მუნიციპალიტეტიდან, რომელთაგან 25%-ს პირადად გამოუცდია ონლაინ ძალადობა. TikTok და Facebook გოგონებისთვის ყველაზე გავრცელებული პლატფორმებია, ხოლო ბიჭები მსგავს შემთხვევებს ონლაინ თამაშებში აწყდებიან. ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმებია - შეურაცხმყოფელი ჭორები, გარეგნობასთან დაკავშირებული დამცინავი კომენტარები და სექსუალური შევიწროება, რომელიც გოგონებში განსაკუთრებით ხშირია. ონლაინ ძალადობა სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებზე, იწვევს შფოთვას, დეპრესიას და თვითშეფასების დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 30% საერთოდ არ ეძებს დახმარებას, რაც შეიძლება სტიგმასა და მხარდაჭერის ნაკლებობას უკავშირდებოდეს.
კვლევა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ონლაინ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება მოითხოვს სისტემურ მიდგომას, მათ შორის, განათლების გაძლიერებას, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობის გაზრდას და სამართლებრივი რეგულაციების გაუმჯობესებას, რათა ონლაინ გარემო მოსწავლეებისთვის უფრო უსაფრთხო გახდეს.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია, აქტივისტ ვერო მელუასთან ერთად საუბრობს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს დევნილები ტვ „ფორმულას“ ეთერში გადაცემაში „ხალხთან ერთად“.
„ძალიან ბევრი გამოწვევა, რომლის წინაშეც დევნილები არიან, საზოგადოების ყურადღების მიღმაა და პრაქტიკულად, არასდროს ყოფილა ან ძალიან იშვიათად, პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ნაწილი,“ - განაცხადა ეკატერინე გამახარიამ.
როგორ აისახება ოჯახში ძალადობა ქალების ცხოვრებაზე? რა ბარიერებს აწყდებიან ისინი და როგორია გამოსავალი?
ეს ვიდეო დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე და ასახავს ქალთა გამოცდილებებს, გამოწვევებს და გაძლიერების გზებს. ვიდეოს საფუძვლად უდევს ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევა და მხარდაჭერის სერვისები.