2021 წლის 27 სექტემბერს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის  წარმომადგენელმა, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანური უსაფრთხოების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ინფორმაციის გაცვლის შეხვედრაზე. შეხვედრის განხილვის თემას წარმოადგენდა: გალის რაიონში მიმდინარე "რუსიფიკაციისპროცესი",  გალის რაიონის ქვედა ზონაში მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე სწავლის შესაძლო აკრძალვის საკითხი და საქართველოს ხელისუფლების მიერ, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების ხელშემწყობის მიზნით ინიცირებული ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების ეფექტიანობა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაცის საბჭოს“ და „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ გაერთიანებული შეხვედრა. 

შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიის და მისი პირველი შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპის განხილვა წარმოადგენდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც თვალნათლივ იკვეთება შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში 2011 წლიდან დღემდე. 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ,  კოლეგებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ შესაბამისი მოქმედებების განსაზღვრის და  ახალ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში მათი ასახვის აუცილებლობაზე. ასევე - შერიგების და ნდობის აღდგენის არსებული მექანიზმების უფრო მეტი ეფექტიანობისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსების გაზრდის საჭიროებაზე.

საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თემატურ ჯგუფებში ჩართვის სურვილი. 

გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ 3-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების სემინარი.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს გეგმის ლოკალიზაცია და მასში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენს. სემინარზე მონაწილეობა მიიღო ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.

2020-2021 წლებში წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებაზე გაუფრთხილებლემა და დაუსაბუთებელმა უარმა მათ და მათ ოჯახებს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა შეუქმნა - ასე იწყება ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევა. მოკვლევაში ნაჩვენებია ამ კუთხით არსებული მდგომარეობა და წარმოდგენილია ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას პრობლემის მოსაგვარებლად.

 

გადმოწერა 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე“ სახელმწიფო მინისტრის აპარატთან საკონსულტაციო პლატფორმა შეიქმნა. ამ წარმატებაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მნიშვნელოვანია ფონდი „სოხუმის“ წვლილი.

2021 წლის, 24 მაისს, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო, ერგნეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ადგილობრივი არასამთავრობო და ქალთა ორგანიზაციები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები.

შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ, ყურადღება გაამახვილა შერიგების სახელმწიფო მინისტრის მიერ დაანონსებული შერიგების მიმართულებით ექსპერტთა ჯგუფში გენდერული საკითხებში ექსპერტიზის მქონე ქალთა ორგანიზაციების ჩართვის, არჩეული ექსპერტების ვინაობის საზოგადოებისთვის გაცნობის და ჯგუფის მუშაობის მეტი გამჭვირვალობის, კონკრეტულ პროფილში პროფესიონალების (ეკონომიკა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, ქალთა მიმართ ძალადობა, გენდრული თანასწორობა და ა.შ) საექსპერტო ჯგუფში ჩართვის აუცილებლობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ეუთოს კონფლიქტის ციკლის უმაღლესი დონის სემინარის მორიგ სესიაზე.

შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, თუ როგორ მუშაობს ეუთო კონფლიქტის სრული ციკლის განმავლობაში ინკლუზიური და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.

ღონისძიება გახსნა პეტრა ტატერმან ადორფმა, ფონდი Kvinna till Kvinna-ს გენერალურმა მდივანმა (შვედეთი).

პანელური დისკუსიისას სიტყვით გამოვიდნენ: ლილიანა პალიხოვიჩი (ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში), ნინა პოტარსკაია (ეროვნული კოორდინატორი უკრაინიდან, ქალთა საერთაშორისო ლიგა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის), იგო როგოვა (კოსოვოს ქალთა ქსელის აღმასრულებელი დირექტორი) და ეკატერინე გამახარია (კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი).

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია  მონაწილეობდა ეუთოს კონფლიქტის ციკლის უმაღლესი დონის სემინარის (კონფერენციის) გახსნაში - ჰელგა შმიდთან (შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), ენ ლინდესთან (ეუთოს გენერალური მდივანი), მარჩინ პრჟიდაცთან (სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე ამერიკის, აზიისა და აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხებში) და მიროსლავ ჯენთასთან (გენერალური მდივნის თანაშემწე ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკაში) ერთად სიტყვით გამოვიდა თემაზე: „ინკლუზიური პროცესების ძირითადი გამოწვევები, შესაძლებლობები და მასში ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“.

ეკატერინე გამახარიამ მოკლედ ისაუბრა მშვიდობის მშენებლობის განხორციელების პროცესში ქალთა ორგანიზაციების როლსა და წვლილზე, ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს. ამასთან, მან აქცენტი გააკეთა არსებულ გამოწვევებსა და ბარიერებზე, რომლებიც სათანადო ყურადღებას და რეაგირებას საჭიროებს.

26 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან  საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე: „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“. 

შეხვედრის პირველ ნაწილში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - თეა ახვლედიანმა, რომელმაც ისაუბრა სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის გააქტიურების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე.  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ლაშა დარსალიამ დეტალურად განიხილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესში არსებული დინამიკა და გამოწვევები და  ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მიერ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა გამოწვევების გადაჭრის მიზანმიმართულ დაბრკოლებაზე. საქართველოში გაეროს რეზიდენტმა კოორდინატორმა - საბინე მახლმა ისაუბრა სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის საქმეში გაეროს როლზე და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის კუთხით გაეროს სააგენტოებისა და პროგრამების საქმიანობაზე. 

21 აპრილს თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო სახალხო დამცველის - ნინო ლომჯარიას სპეციალური ანგარიშის წარდგენაზე - „2019-2020 წლებში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი და სხვადასხვა ბარიერის დაწესება, როგორიცაა ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, უკანონო დაკავებები, გადაადგილებისათვის აუცილებელ დე ფაქტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა, ზღუდავს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და გაუმართლებელ დაბრკოლებებს უქმნის მათ საარსებო წყაროებზე წვდომაზე.

ეკატერინე გამახარიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობაზე, რაც ამჯერად გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტის (ბინადრობის მოწმობის) მიღების პრობლემას. ეს კვლავ ქმნის რისკს, დოკუმენტის გარეშე დარჩენილმა, ათასობით ადამიანმა ისევ მიმართოს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სარისკო გზას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები