ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია, გენდერული თემატური ჯგუფის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.  შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების ანალიტიკოსი თამარ ლობჯანიძე და Kvinna till Kvinna-ს სამხრეთ კავკასიის პროგრამების უფროსი ოფიცერი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ორივე მხარეს კონფლიქტით დაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების  პრობლემებზე, გამყოფ ზოლში მოსახლეობისთვის ტვირთის გადაზიდვისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, ნდობის აღდგენის მიმართულებით ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელთა კონფლიქტ-სენსიტიური პრინციპების მიმართულებით ინფორმირებულობის, უნარების და კომპეტენციების გაზრდის აუცილებლობაზე. 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ორდღიან კონფერენციაში, რომელიც მოაწყო ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“. კონფერენცია თემაზე „ქალები და ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებებისთვის“ 24-25 აპრილს გაიმართა.

ღონისძიების პირველი დღე მიეძღვნა ქალთა და ახალგაზრდების პოზიტიურ როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ხოლო მეორე დღე დევნილთა მდგომარეობას და საჭიროებებს დაეთმო.

კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე და დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია მოხსენებით გამოვიდა კონფერენციის პანელურ დისკუსიაში, რომელიც დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს ეძღვნებოდა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესასრულებლად მიღებულ საქართველოს რიგით მეოთხე სამოქმედო გეგმაში (2022-2024 წწ.) სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებებზე სამშვიდობო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პროგრამებში დევნილ ქალთა მონაწილეობის მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკონომიკურ პროგრამებში დევნილ ქალთა ქმედითი მონაწილეობის პრობლემებზე, მათი მოწყვლადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ბარიერებზე და სხვ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

საქართველოში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანი, სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, აპარატთან შექმნილი ორი პლატფორმის - ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრებს შეხვდა.

მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გენდერულ მრჩეველთა ჯგუფების შექმნის მნიშვნელობაზე  და ამ გამოცდილების უკეთ შესწავლის საკითხი დააყენა საქართველოში რეპლიცირების მიზნით.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა: „ორმხრივი გამოტოვების ადგილები - უფლებრივი და სოციალური გამოწვევები გალსა და ახალგორში“ და „გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები“. ღონისძიებას საერთაშორისო, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. ეკატერინე გამახარიამ თავის გამოსვლაში ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებთ კომფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალებს, მათ შორის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა და ეკონომიკურ საქმიანობაზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ბარიერები, გამყოფი ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების პრობლემები, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხები  და ა.შ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - თეა ახვლედიანმა, უწყებასთან არსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ (რომლის წევრიცაა ქალთა ფონდი „სოხუმი“) წევრებთან შეხვედრა გამართა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს გამყოფი ზოლის მიმდებარედ მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ხაზი გაუსვეს მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით მეტი ძალისხმევის გაწევის, კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და შერიგების არსებული პროგრამების გაძლიერების და განვითარების აუცილებლობაზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული პლატფორმების წევრებმა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, მშვიდობისა და სამართლიანობის კაფეში გაიმართა დისკუსია, როგორც რეალურ, ასევე ონლაინ სივრცეში. 

დისკუსიები ეხებოდა მრავალფეროვან თემას, რომელშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აკადემიური წრეები, ახალგაზრდა აქტივისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიების მთავარი იდეა იყო გენდერული სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე არსებული მიღწევების და გამოწვევების განხილვა. ასევე, თუ რა გავლენას ახდენს და აძლიერებს სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობა და სხვადასხვა სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისგან ინფორმაციის მიღება და აზრთა ურთიერთგაცვლა.

გაეროს ქალთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით და ჩართულობით, ერთ-ერთი თემატური მრგვალი მაგიდის დისკუსიის მოდერატორი იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ეკატერინე გამახარია. მრგვალი მაგიდის თემა - „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტულ შედეგებზე გარდაქმნა - ქალთა სოლიდარობა და ერთობლივი ქმედებები“.

მრგვალი მაგიდის დროს განიხილეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ლიდერულ ასპარაზზე ქალთა არსებითი მონაწილეობისთვის არსებული მიღწევები და ბარიერები, საზოგადოებისა და თემის მობილიზაცია და საერთაშორისო სტანდარტები, ქალთა წვლილის წარმოსაჩენად და აღიარებისთვის თაობათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა და ახალგაზრდების ჩართულობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის შესაძლო გზები.

მშვიდობისა და სამართლიანობის კაფე წარმოადგენს ქსელური ღონისძიებების სერიას ინტერსექტორული თანამშრომლობის გასაძლიერებლად მშვიდობიანი და სამართლიანი მსოფლიოს შექმნისთვის. მშვიდობისა და სამართლიანობის კაფე  იმართება ჰააგის Humanity Hub-ში, რომელიც ჰააგის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ამოქმედდა. მასში მონაწილეობას იღებენ მშვიდობის მშენებლები, მკვლევრები, ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლები, მეწარმეები, პოლიტიკოსები და ცვლილებებზე ორიენტირებული დაინტერესებული პირები ჰააგიდან და მის ფარგლებს გარეთ.

 

ქსელმა WAVE-მა, OSCE-ის - ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის  მხარდაჭერით,  თავის ოთხ წევრთან - კერძოდ, სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი და თბილისი, საქართველო), ფონდი „გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა“ (ბანია ლუკა, ბოსნია-ჰერცეგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა) - თანამშრომლობით შეიმუშავა პრაქტიკული სახელმძღვანელო.

აღნიშნული სახელმძღვანელო ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას. ის ასახავს არა მარტო კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილ ზიანსა და გამოწვევებს, არამედ წარმოუდგენს მკითხველს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას, კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.

პრაქტიკული სახელმძღვანელოს ავტორებმა წარმოადგინეს თავიანთი სტრატეგიები, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპთან: 1) ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ; 2) გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ; 3) ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ომის დროსა და ომის შემდგომ პერიოდში გენდერული ძალადობის (GBV) პრევენციასა და რეაგირებას. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ქსელი WAVE და ეუთოს გენდერული საკითხების პროგრამა/WIN პროექტი.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ შეირჩა ეუთოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ერთ-ერთ პარტნიორად და ჩაერთო პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში, რომელშიც აღვწერეთ ორგანიზაციის მიერ კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით განხორციელებული სტრატეგიები და გამოცდილება  გაჭიანურებული კონფლიქტების პირობებში. მოცემული სახელმძღვანელო ასევე მკითხველს წარმოუდგენს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ლარა სკარპიტამ (ეუთოს უფროსი მრჩეველი გენდერულ საკითხებში) და სტეფანი ფატერ-ორელმა (WAVE ქსელის აღმასრულებელი მენეჯერი).

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ღია კარის დღე გაიმართა.

შეხვედრა გახსნეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელმა აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ.

შეხვედრა გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის მხარდაჭერას და ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას მოიცავდა, სადაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მობილიზებული სამი სათემო ლიდერიც მონაწილეობდა.

ქალაქ გორში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოხსენებით წარыდგნენ: მინისტრი - თეა ახვლედიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - კაორი იშიკავა; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - მარეკ შჩიგელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე -  ირაკლი ანთაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - ზვიად ზვიადაძე. 

მათ გაუზიარეს მონაწილეებს  IPRM შეხვედრებზე განხილული თემები და მოისმინეს, როგორც ქალთა ორგანიზაციების, ასევე სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადგილებზე არსებული ჰუმანიტარული გამოწვევებისა და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების, კონკრეტული საჭიროებების შესახებ. 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები