დასრულდა მნიშვნელოვანი პროფესიული ტრენინგი თემაზე — „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა (Tech-Facilitated Intimate Partner Violence – TF-IPV)“. ტრენინგს უძღვებოდა იურისტი ანა თავხელიძე და ის განხორციელდა WAVE Network-ის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: „უხილავი აღარ არის: პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიური ძალადობის აღიარება და მასზე რეაგირება“.

ტრენინგი ჩატარდა „ტრენინგი ტრენერთათვის“ მიდგომით და აერთიანებდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს: რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებულ განხილვებს, რეაგირების მექანიზმების ანალიზს, უსაფრთხოების დაგეგმვასა და მსხვერპლზე ორიენტირებულ მხარდაჭერის პრაქტიკებს.

ტრენინგის მიზანი იყო ქალთა ფონდი „სოხუმი“-ს თანამშრომლების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ძალადობის ამოცნობის, სამართლებრივი რეაგირების, დროული დაცვისა და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციის მიმართულებით.

მონაწილეთა შეფასებები

„ტრენინგი იყო ძალიან საინმფორმაციო და პრაქტიკული მაგალითებით დატვირთული. მიღებული უნარები დაგვეხმარება, მიღებული გამოცდილება გავიზიაროთ იმ ჯგუფებთან, რომლებთანაც ყოველდღიურად ვმუშაობთ,“ — თეა გოლეთიანი, მონიტორინგის ჯგუფი.

„თეორიული და პრაქტიკული ნაწილის გაერთიანებამ მნიშვნელოვნად შეგვიწყო ხელი, უკეთ გაგვეგო ტექნოლოგიური ძალადობის ფსიქოლოგიური ზეგავლენა და რეაგირების სწორი გზები,“ — ეკა ქვაჩაკიძე, ფსიქოლოგი.

„ერთ დღეში მივიღეთ ძალიან დიდი მოცულობის და კომპლექსური ცოდნა. განსაკუთრებით ღირებული იყო რეაგირების მექანიზმების განხილვა და მათი პრაქტიკული მხარის გაანალიზება,“ — ემა კამკია, მონიტორინგის ჯგუფი.

„ახალგაზრდებთან მუშაობისას აშკარად ჩანს, რომ ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ამიტომ ასეთი ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროული რეაგირებისა და პრევენციისთვის,“ — ნინო ჭაბუკიანი, ახალგაზრდული მიმართულების პროექტის ასისტენტი.

ტრენინგის შედეგად, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა მნიშვნელოვნად აიმაღლეს კვალიფიკაცია აღნიშნულ მიმართულებაში და მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რომლებიც მომავალში აქტიურად იქნება გამოყენებული თემში ქალებთან და ახალგაზრდებთან მუშაობისას. მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს ციფრული ძალადობის დროულ ამოცნობას, უსაფრთხოების ეფექტიან დაგეგმვას, სათანადო რეაგირებასა და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას, რაც მკაფიოდ აისახა მონაწილეთა უკუკავშირშიც.

პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით

ხონის მუნიციპალიტეტში, ლიდერი ქალის - ნაზი ჯიქიას მიერ გაიმართა საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების შეხვედრა, რომელიც ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირებასა და რეაგირების მექანიზმებს დაეთმო. შეხვედრა განხორციელდა ქალთა ფონდი "სოხუმი"-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

შეხვედრის მონაწილე ქალებმა დეტალურად განიხილეს ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა, მისი ადრეული ნიშნები და ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და დროული რეაგირებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომებსა და ადგილობრივ დონეზე არსებული დახმარების მექანიზმებს.

მონაწილეთა უკუკავშირის მიხედვით, შეხვედრამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მათ ინფორმირებულობასა და თვითაღქმაზე:

„ყველა ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. თითქოს სხვანაირად დავინახე ჩემი როლი ამ საკითხში.“
„ძალიან საინტერესო იყო ძალადობის ფორმების დეტალურად განხილვა და რჩევები, თუ როგორ შეიძლება მსხვერპლის ამოცნობა.“
„გავიგე, რომ მსხვერპლს შეუძლია მიმართოს ხონის მერიას და ისარგებლოს მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამით.“
„ასეთი შეხვედრები აუცილებელია, მეტი ადამიანი უნდა ფლობდეს საჭირო ინფორმაციას.“

შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ინფორმირებულობა, ადგილობრივი რესურსების ცოდნა და სოლიდარობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

ზუგდიდში ქალების ჯგუფთან გაიმართა ვორკშოპი თემაზე: „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“.

ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის ფორმებსა და მის მიმდინარეობაზე, ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერ სერვისებსა და მექანიზმებზე, ასევე რისკის ქვეშ მყოფი ქალების ადრეული ნიშნების ამოცნობის, მხარდაჭერისა და რეაგირების გზებზე.

შეხვედრა დისკუსიურ ფორმატში წარიმართა. ქალებმა აქტიურად და გულწრფელად გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი პოზიციები და პირადი გამოცდილებები, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თემში არსებული პრობლემების სიმწვავე და სიჩუმის დამანგრეველი გავლენა.

ვორკშოპის მონაწილეთა თქმით, ოჯახში ძალადობა დღემდე ხშირად აღიქმება როგორც „შიდა ოჯახური საქმე“, რაც ხელს უშლის როგორც საზოგადოების, ისე თავად ქალების მხრიდან დროულ ჩარევასა და მხარდაჭერის მიღებას. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში ჩუმად დარჩენა ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და რომ ქალებს სჭირდებათ როგორც ინფორმაცია, ისე საზოგადოების რეალური მხარდაჭერა.

დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური სტიგმის პრობლემას, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად აიძულებს ძალადობის დამალვას. მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი ოჯახები ყველა თემში არსებობს, თუმცა საზოგადოების პასიურობა პრობლემის გაღრმავებას უწყობს ხელს.

ვორკშოპის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე არსებული მხარდამჭერი სერვისების შესახებ. ინფორმირება ზრდის მზაობას დახმარების მისაღებად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ეფექტიან მართვაში.

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

„არა, ქალთა მიმართ ძალადობას!“ – ამ ერთხმად გაჟღერებული გზავნილით სენაკსა და ზუგდიდში ადგილობრივები მსოფლიო მოძრაობას შეუერთდნენ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ქალებზე ძალადობა არც ერთი თემისთვის არ არის ჩვეულებრივი და არც ერთი ქალი არაა მარტო.

შეხვედრები, რომლებიც თემის ლიდერებმა მცირე ჯგუფებთან და ინდივიდუალურ ფორმატში გამართეს, ერთ მნიშვნელოვან რეალობას გვაჩვენებს:
👉 საზოგადოებას სჭირდება მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სოლიდარობა და ნაკლები დუმილი.
👉 ძალადობა არ არის პირადი საქმე, ეს საერთო პრობლემაა, რომელსაც ერთიანი წინააღმდეგობა სჭირდება.

ერთად ვქმნით სივრცეს, სადაც ძალადობა აღარ იქნება ნორმა და სადაც თითოეული ქალი დაცულად, აღიარებულად და მხარდაჭერილად იგრძნობს თავს.

#16აქტიურიდღე #არაძალადობას #WomenFundSukhumi #Danner #StopGBV #გენდერულიძალადობა #ქალთაუფლებები #SupportSurvivors #Solidarity #EndViolence

 

პროექტი ხორციელდება DANNER - Kvindecenterfonden Dannerhuset-ის მხარდაჭერით

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით თემებში ქალთა უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ქალი სათემო ლიდერები და პარასპეციალისტები არიან ის ადამიანები, ვინც თავიდანვე ამჩნევს ძალადობის ნიშნებს, პირველია, ვისაც ესმის ქალების ხმა და პირველივე ჯერზე ეხმარება მათ გამოსავლის პოვნაში. სწორედ ამიტომ, მათი ცოდნა და შესაძლებლობები პირდაპირ განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ქალი დროულად მიიღოს მხარდაჭერა. 15 ნოემბერს გავმართეთ ინტენსიური ტრენინგი თემაზე „სათემო ლიდერების გაძლიერება ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით“. დღის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ოჯახში ძალადობის ფორმები, ნიშნები და რისკ-ფაქტორები; რეფერირების მექანიზმი და მასში ჩართული სუბიექტების ეფექტიანი კოორდინაცია; პრაქტიკული მაგალითები რეალური შემთხვევებიდან; და, რა თქმა უნდა, ჩვენი ციფრული რესურსცენტრი, როგორც ინფორმაციის მიღებისა და სწრაფი მხარდაჭერის ინსტრუმენტი ქალებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ თემებში გაძლიერდეს ინფორმირებული, მგრძნობიარე და კოორდინირებული მხარდაჭერის სისტემა, რომელიც ქალს არ დატოვებს მარტო, არც საწყის ეტაპზე და არც შემდეგ. ეს ტრენინგი არის იმ მდგრადი პროცესის ნაწილი, რომელსაც ქალთა ფონდი "სოხუმი“ უკვე წლებია ქმნის: ქალების უსაფრთხო, მხარდამჭერი და ძალადობისგან თავისუფალი გარემო. ერთად ვქმნით სივრცეებს, სადაც ქალების ხმა ყოველთვის ისმის, ერთად ვამტკიცებთ, რომ ძალადობა არაა უხილავი.

პროექტი ხორციელდება DANNER - Kvindecenterfonden Dannerhuset-ის მხარდაჭერით

  დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ქალთა მიმართ ძალადობა ხშირად სცდება ფიზიკურ სივცეს და თავს იჩენს ეკრანს მიღმა, შეტყობინებებსა და სოციალურ ქსელებში.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ იწყებს ახალ პროექტს - „უხილავი აღარ არის: პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიური ძალადობის აღიარება და მასზე რეაგირება“, რომელიც ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და იმ უხილავი ძალადობის ფორმების გამოვლენა, რომლებიც ხორციელდება ციფრული საშუალებების გამოყენებით, არღვევს ქალის პირად სივრცესა და დამოუკიდებლობას და საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას.  ტექნოლოგიური ძალადობა პარტნიორულ ურთიერთობებში მოიცავს ციფრულ თვალთვალს, ონლაინ შევიწროებას, პირადი ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას, კომუნიკაციის კონტროლს და სხვა ქცევებს, რომლებიც ზღუდავს ქალის თავისუფლებას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ციფრული ძალადობა გამოვლილ ქალთა ისტორიებზე დაფუძნებული ვიდეონარატივების შექმნა, თემატური სემინარები და ონლაინ საინფორმაციო აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბევრისთვის ჯერ კიდევ უხილავი ციფრული ძალადობის ფორმების გახილვას, ქალებისა და გოგონების გაფრთხილებას, მათი ციფრული უნარების გაძლიერებას დაცვისა და თავის არიდების მიზნით, ასევე აღნიშნული ძალადობის შემთხვევებზე დროული რეაგირების გზების შესახებ ინფორმირებას.

 

პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით

ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო პროექტის „ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერება და თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემის განვითარება საქართველოში“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში, ხონში ქალთა ჯგუფებს ფსიქოლოგი სტუმრობდა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს კონსულტაცია გაუწია. შეხვედრის მიზანი იყო ძალადობის გავლენის ფსიქო-სოციალური მხარეების გააზრება, მონაწილეთა თვითშეფასების ამაღლება. ფსიქოლოგმა ისაუბრა ოჯახში ძალადობის წარმოშობის ფაქტორებზე, მიზეზებსა და შედეგებზე და იმ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე, რომლებიც ხშირად ამცირებს ემპათიას. მონაწილეებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება. ხაზი გაესვა ჯგუფური მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც ძალის აღდგენის და საკუთარი თავის დაბრუნების პროცესს. 

 

პროექტი ხორციელდება DANNER - Kvindecenterfonden Dannerhuset-ის მხარდაჭერით

 პროექტის „ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერება და თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, სენაკსა და ხონში ქალთა ჯგუფებისთვის იურისტის კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების მთავარი მიზანი იყო: ქალებისთვის სამართლებრივი დაცვის არსებული მექანიზმების გაცნობა, იმის ახსნა, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ძალადობის გამოვლენისას და რა ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოსა და საზოგადოებას რეაგირების პროცესში. იურისტმა ისაუბრა დაცვის მექანიზმებზე, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებზე და იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ძალადობის შემთხვევაში მიმდინარეობს. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა რეალური ქეისი და აღნიშნეს, რომ სამართლებრივი ინფორმირებულობა არის ქალებისთვის უსაფრთხოებისა და არჩევანის თავისუფლების მნიშვნელოვანი საფუძველი. 

 

პროექტი ხორციელდება DANNER - Kvindecenterfonden Dannerhuset-ის მხარდაჭერით

მონაწილეობა ტალინში გამართულ მასტერკლასში ციფრული ინკლუზიის თემაზე


ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე ერთ-ერთი იყო იმ 10 მონაწილეს შორის საქართველოდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ორდღიან მასტერკლასში, რომელიც ტალინში (ესტონეთი) ჩატარდა და მიზნად ისახავდა ციფრული ცნობიერებისა და ინკლუზიის ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლის თემებში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სერვის დიზაინის მეთოდოლოგიას და იმუშავეს იმ ბარიერების იდენტიფიცირებაზე, რაც რეგიონებში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს ციფრულ სერვისებზე წვდომაში ხელს უშლის. ლინდასთვის ეს პროფესიული და პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ფონდი „სოხუმის“ მიდგომის მნიშვნელობა – ტექნოლოგიები უნდა იქმნებოდეს ადამიანების რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით. მასტერკლასის პარალელურად, ქართველ მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მაღალი დონის ელექტრონული მმართველობის კონფერენციას – #eGov2025.

https://www.youtube.com/shorts/JWuS-5O3gUk

ეს არ არის მიზეზი კონფლიქტისთვის – პირიქით, შესაძლოა, სწორედ აქ იწყებოდეს ღირებული დიალოგი.

ნინის გამოცდილება გვაჩვენებს, როგორ შეიძლება რთული თემის განხილვაც კი გახდეს ურთიერთობის გაღრმავების შანსი.

დაუკვირდით, როგორ არგუმენტირებს ნინი და როგორ ცდილობს მამის მოსმენისა და საკუთარი პოზიციის გაზიარების დაბალანსებას.

გსურს შენი კომუნიკაციის უნარების დატესტვა?

 

ეწვიე survivefamilydinner.ge – შეარჩიე ფრაზა და დააკვირდი, როგორ შეიძლება განვითარდეს საუბარი სხვადასხვა სცენარში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები