შეხვედრები (650)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

  

ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის კვლევა დასავლეთ საქართველოში“ - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა საზოგადოების ფართო სპექტრი, ასევე შვედეთის ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები სამხრეთ კავკასიაში. შეხვედრის მონაწილეები ინტერესით გაეცნენ კვლევის შედეგებს, რომელიც ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში ჩატარდა. დაისვა ბევრი შეკითხვა, რომელთაც კიდევ ერთხელ გამოკვეთეს რისკის ფაქტორრბი, რომლებიც საერთოა ქართველი და აფხაზი ქალებისათვის. ასევე - განსხვავებული ხარისხი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ოჯახში ძალადობისაგან დაცვის  და სხვა საკითხებში. 

მონაწილეთა მიერ გაკეთდა შეფასებები,  რომ აშკარაა  კვალიფიკაცია და შრომა, რომელიც გასწია ფონდმა „სოხუმმა“ კვლევაზე მუშაობისას. მათ გამოკვეთეს საკითხები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას, მათ შორის  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების  შეზღუდვა.

 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

     

სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის - „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ - შედეგების ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები,  სხვადასხვა ადგილობრივი სტრუქტურის, საგანმანათლებლო დაწესებულების, საზოგადოების წარმომადგენლები.

კვლევის შედეგებში გამოიკვეთა ის საფრთხეები, რომლებიც წარმოადგენს რისკებს ქალების სხვადასხვა სოციალური თუ ასაკობრივი ჯგუფისთვის. აქცენტი გაკეთდა ფონდის მიერ ორგანიზებული კვლევის უკუკავშირზე, რომლის შედეგად სენაკის ქალთა ჯგუფებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება საკუთარი უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ჩატარებული საქმიანობა იძლევა საშუალებას, გაკეთდეს რეკომენდაციები შესაბამისი სტრუქტურებისათვის, რათა ქალების მიერ გამოკვეთილ პრობლემებზე დროული რეაგირება მოხდეს და ამაღლდეს მათი ადამიანური უსაფრთხოების ხარისხი.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
  
 
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა მიეძღვნა საბჭოს წევრების მიერ მაისში ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასების შედეგების შეჯამებას.
რომელ სამიზნე ჯგუფებთან ჩატარდა კვლევა, რა გენდერული საჭიროებები გამოვლინდა, რა დასკვნებისა და რეკომენდაციების გაკეთება შეიძლება რესპონდენტთა პასუხებიდან გამომდინარე - საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს ჩატარებული კვლევის მოკლე ანგარიშები.
საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მონაწილეები კმაყოფილები არიან შეხვედრების ფორმატით, რადგან ჰქონდათ თავიანთი აზრის გამოთქმის და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვის საშუალება.
რესპონდენტებმა გამოხატეს სურვილი, რომ სისტემატურად გაიმართოს მსგავსი შეხვედრები.
გადაწყდა, რომ შემდგომი სხდომა მიეძღვნება რეკომენდაციების შემუშავებას 2016 წლის  ადგილობრივი ბიუჯეტისთვის.
სხდომაზე აგრეთვე განიხილეს ფორუმ-პრეზენტაციის მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“  ფარგლებში.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
რა პრობლემებია ქალებისა და გოგონებისათვის ჩვენს საზოგადოებაში მათი ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით; როგორია რისკები რეგიონის, ასაკობრივი, სოციალური, ეთნიკური და სხვა განსხვავებების მიხედვით?
ფონდი „სოხუმის“ და აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის კვლევა დაიწყო.
ფონდი „სოხუმის“ მხრიდან პროექტის მონაწილეების ჯგუფმა  ქუთაისში, ხონში, სენაკში, ფოთში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), 6 ფოკუს-ჯგუფი და 6 ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩაატარა. გამოიკითხა 120 ქალი და გოგონა. წარმოდგენილმა ანგარიშებმა თვალსაჩინო გახადა ის საჭიროებები და საფრთხეები, რაც ქალებში უსაფრთხოებას ემუქრება. კვლევის საბოლოო ანგარიში ერთ თვეში დაიდება.  
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

      

ნიქოზია კონფლიქტის შედეგად გაყოფილი ერთადერთი დედაქალაქია მსოფლიოში - არის ევროკავშირის წევრი კვიპროსის რესპუბლიკის და ნაწილობრივ აღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის დედაქალაქი. სწორედ ამის გამო გაიმართა აქ ერთობლივი შეხვედრები. განხილულ იქნა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის მიზნით ჩატარებული და  გამოცემული კვლევები.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ნიქოზიასა და ლიმასოლში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო სტუმრობა ბუფერულ ზონაში, ე. წ.  მწვანე ხაზზე მდებარე „თანამშრომლობის სახლში“. ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ბერძენი და თურქი კვიპროსელები, თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტში, მუშაობენ, ატარებენ ერთობლივ ღონისძიებებს, ერთად  სვამენ ყავას...

კვიპროსში გატარებული რამდენიმე დღე - ეს იყო კვიპროსული და ქართული-აფხაზური გამოცდილებების გაზიარება, ძალიან საჭირო და სასარგებლო პარტნიორი ორგანიზაციებისთვის. 

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა

ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

  
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა მოამზადა ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.
28 ოქტომბერს ფონდ„სოხუმში“ ჩატარდა სამოქალაქო დებატები, სადაც აქტივისტი ქალბატონები გაეცნენ კანონპროექტებს. მათ აღნიშნეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვა ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობა დეტალურად ფლობს ინფორმაციასადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ.
 
პროექტი ხორციელდება ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მხარდაჭერით 

  

„კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში თებერვალში ჩატარდა ორი ჩაღრმავებული ინტერვიუ ქალაქ ფოთის შსს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო სამმართველოს უფროსთან და ინსპექტორ გამომძიებლებთან. თვისობრივი ინფორმაციის მიღების მიზნით გაიმართა ფოკუს ჯგუფი საზოგადოებისა და შსს წარმომადგენლების ჩართულობით. მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა შსს-დან შემაკავებელი ორდერების გამოცემისა და დარღვევის სტატისტიკასთან დაკავშირებით. ღონისძებების მიზანი იყო იმის გამოკვეთა, თუ როგორია შსს ჩართულობა კანონის იმპლემენტაციაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

DSC0120911 მარტს ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში (ნიკეას ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღი) ჩატარდა იურიდიულ-საკონსულტაციო შეხვედრა.
გარეთა ფასადის გარემონტების, კანალიზაციის გამოცვლის და ფანჯრების ჩასმის შემდეგ დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ ფართები. ამ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებთ მიიღეს სხვადასხვა სახის ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები. საერთო პრობლემა კი ის არის, რომ ეზოში შემოდის მსხვილფეხა საქონელი და ანადგურებს ხეებსა და ყვავილებს.DSC01192შეხვედრის მონაწილეთა სურვილით დაიწერა განცხადება მერიაში, რათა მათთვის გაიცეს თანხა ან გამოიყოს შემოღობისათვის საჭირო მასალა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

 

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში, 18 ივლისს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. ამ ფორმატის ეს რიგით მეორე შეხვედრაა - პირველი ქუთაისში გაიმართა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობით.

ფონდი „სოხუმის“  წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტი, რომელიც ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით და მიმართულია ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისაკენ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით.  

ინტერესი გამოიწვია საკითხმა, როგორია ჩეხეთის გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარ მართვაში მოქალაქეთა  ჩართულობის კუთხით და რა „გენდერული მარკერები“ გამოიყენება პროგრამებში ჩართულთა სოციალურ-დემოგრაფიული სურათის ანალიზისთვის;  რა პრაქტიკა არსებობს ქართულ სინამდვილეში სამოქალაქო მონაწილეობის თვალსაზრისით და როგორია ამ მიმართულებით  ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის რეზულტატები - PIN სოციალური ჩართულობის პროექტის,  გაეროს განვითარების პროგრამის  წარმატებული პრაქტიკის მაგალითზე - ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობით.  

საუბარი შეეხო საკითხს, რამდენად ქმედით მექანიზმს  წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობისათვის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები, რომლის ინსტიტუციონალიზაციაშიც  ფონდ „სოხუმს“ უდიდესი წვლილი მიუძღვის და როგორ ხდება მუნიციპალიტეტების მხრიდან ორგანიზაციის ექსპერტიზის და  გამოცდილების გამოყენება.

შეხვედრის მასალები სასარგებლო იქნება პროექტით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, რაც თანხვედრაშია სახელმწიფო პოლიტიკის დეკლარირებულ პრინციპებთან - მოხდეს  გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ახალი კონცეფციების მიღების მხარდაჭერა;  გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა, გენდერული განვითარების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.  

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

    

6 აპრილს ფონდი „სოხუმი“ წყალტყუბოში იმყოფებოდა. №2 ბაღს გადაეცა: ტანსაცმლის კარადა - 3 ერთეული,  2 თარო წიგნებისათვის, პედაგოგების სკამები - 12 ცალი, საბავშვო სკამები - 100 ცალი, საბავშვო მაგიდები - 20 ცალი და სასწავლო-სააღმზრდელო წიგნები.

ინვენტარის გადაცემა მოხდა პროექტის „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“ ფარგლებში (ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის პროექტი „ახალგაზრდული ჩართულობა და სოციალური ანგარიშვალდებულება“, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით).

ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, აიპი წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაცია, ბაღის  მენეჯერი და  პედაგოგები.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ბაღების გაერთიანების თანამშრომლება აღნიშნეს, რომ პროექტი პირდაპირაა მიმართული ბავშვების სააღმზრდელო გარემოს გაუმჯობესებისაკენ, მომავალზე ზრუნვა კი მეტად მნიშვნელოვანია.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები