ვაჟებთან მუშაობა იანვარში ონლაინ წარიმართა. თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებთან ჩართვები მოხდა ჯგუფურად და ინდივიდუალურად.
შეხვედრების უმეტესობა ზუმის პლატფორმაზე ჩატარდა, რამაც ვიდეორგოლების ჩვენების და დისკუსიის უკეთ წარმართვის შესაძლებლობა შექმნა.
- შევარჩიე ვიდეორგოლები ძალადობის, ბულინგის თემაზე, რომ ბიჭებთან კიდევ უფრო ახლოს მიმეტანა სათქმელი, - აღნიშნავს ტრენერი ბექა ფოცხვერია. - ბიჭები აქტიურად მსჯელობდნენ ამ მწვავე პრობლემებზე, ვიდეორგოლებში ასახულ ფაქტებზე. მათი თქმით, ტოლერანტი საზოგადოება უკეთ შეძლებს ბულინგისა და ძალადობის დამარცხებას.
ახალგაზრდებთან მუშაობა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას და მათში კონკრეტული კომპეტენციების და უნარების განვითარებას გულისხმობს. განსაკუთრებით ეს ეხება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეურიგებლობის აღზრდას, ტოლერანტობის კულტურის, კონფლიქტების მართვის, ძალადობის პრევენციის უნარების სწავლებას, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უშუალო პარტნიორობით ხორციელდება.
ქვეყანაში ცოტაა სივრცე, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების, ურთიერთობებისა და გართობისთვის, ეს სერიოზული გამოწვევაა რეგიონებში, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
სამი წლის მანძილზე ფონდი „სოხუმის“ ეგიდით დასავლეთ საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა კონფლიქტის მართვის ჯგუფები და ახალგაზრდული კლუბები. მათ ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდული ცენტრები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათი ლიდერული და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას. ამ კუთხით ფონდს აქვს დიდი გამოცდილება: მისი თაოსნობით წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა „ლიდერ გოგონათა სკოლა“, რომელმაც არაერთ დევნილ გოგონას გაუხსნა გზა პიროვნული და პროფესიული ზრდისა და წარმატებისკენ.
ფორუმ-თეატრს უჩვეულო პერიოდი აქვს - დროებით დაკარგა მაყურებელი, მაგრამ ახლა სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და მის აქტივობებს უფრო მეტი ადამიანი ხედავს.
განსაკუთრებული აზარტით ჩაერთო ფორუმ-თეატრი კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე წარმოდგენილია: ვიდეოჩანაწერები ოჯახური ძალადობის და კოვიდპანდემიის თემაზე, თეატრის სამი თაობის მატიანე, ჩრდილების თეატრის ფოტოკოლაჟი, პოეზიის ხუთწუთიანი ჩართვები...
სანამ მაყურებელს პირისპირ შეხვდება, ფორუმ-თეატრი ინტერნეტში აქტიურობს...