ონლაინ შეხვედრა ქალთა ჯგუფებთან

წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალთა ჯგუფებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა Zoom პლატფორმის საშუალებით. შეხვედრა განხორციელდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით და შეეხო ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ხშირად უხილავ თემას — პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობას.

დისკუსიის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ გრძელდება ძალადობა ციფრულ სივრცეში და როგორ შეიძლება ტექნოლოგიები იქცეს კონტროლისა და ზეწოლის ინსტრუმენტად. ქალებმა გააზიარეს ყოველდღიური გამოცდილებები, ის გამოწვევები, რომლებიც ონლაინ სივრცეში იშვიათადაა ხილული, თუმცა რეალურ ფსიქოლოგიურ და სოციალურ ზიანს იწვევს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ საკითხებს: პირადი ანგარიშების დაცვას, ციფრული მტკიცებულებების სწორად შენახვას და იმ სერვისებს, სადაც ქალებს დახმარების მიღება შეუძლიათ.

შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თავად მონაწილეთა გულწრფელი საუბრები აღმოჩნდა.

ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა:
„სამწუხაროდ, რეგიონებსა და სოფლებში ამ საკითხს ხშირად სხვანაირად უყურებენ. სოციალური ქსელების პაროლებისა და საბანკო მონაცემების მეუღლეებისთვის გაზიარება ბევრისთვის ნორმად ითვლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყეთ.“

სხვა მონაწილემ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ რჩება ძალადობა ხშირად უთქმელი:
„ჩვენ ირგვლივ ონლაინ ძალადობის არაერთი შემთხვევაა, მაგრამ ქალები ვერ საუბრობენ — საზოგადოების მიმართ ნდობა ნაკლებია, გოგონებს კი ხშირად მშობლების მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ყოფილა შემთხვევებიც, როცა გოგონამ თავისი გამოცდილება გაუზიარა ოჯახს და თავად დაადანაშაულეს. ასეთ დროს მოზარდი იკეტება და ემოციურ პრობლემებთან მარტო რჩება.“

დისკუსიამ აჩვენა, რომ პრობლემა მხოლოდ ქალებს არ ეხება:
„ონლაინ ძალადობა მხოლოდ ქალების საკითხი არ არის. ციფრულ სივრცეში ძალადობის მსხვერპლები ხშირად ახალგაზრდა ბიჭებიც ხდებიან.“

ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრობლემის აღიარება პირველი ნაბიჯია ცვლილებისკენ.

ამოიცანი. ისაუბრე. იმოქმედე.

გაეცანით გზამკვლევს - „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა — ამოიცანი და დაიცავი თავი“

პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები