„სარეაბილიტაციო ცენტრში ჩამოსვლამდე ძალიან განვიცდიდი. ჯერ ერთი, არ ვიცოდი, როგორ დავტოვებდი ყოველდღიურ პრობლემებს, მეორეც - როგორ მიმიღებდნენ აქ. 48 წლის განმავლობაში არასოდეს არ ვყოფილვარ ოჯახს გარეთ გასული. ერთი სიტყვით. ძალიან დაკომპლექსებული მოვდიოდი.
პირველივე შეხვედრაზე ვიგრძენი თბილი გარემო.
მერე ფსიქოლოგს შევხვდი. საოცარი ყურადღება გამოიჩინა და მე თვითონ მიკვირს, იმდენი რამე ვუამბე ჩემზე.
კარგი მეხსიერება მაქვს, ყველაფერი მახსოვს. მამა რომ დათვრებოდა, ხშირად ეჩხუბებოდა დედას. ამიტომ არ მიყვარდა. ნაადრევად დაბრძენებულ ქალს ვგავდი 5-6 წლის ბავშვი. ბევრი რამ მაკლდა. ყველაფერს შენთვის ვაკეთებო, დედა რომ მეტყოდა, თავს ვიდანაშაულებდი, რატომ გავჩნდი-მეთქი...
ახლაც უამრავი პრობლემა მაქვს. მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრში ყველაფერი დამავიწყდა. ახალი ნაცნობები, საერთო პრობლემები და იმის განცდა, რომ მარტო არ ხარ. ამიტომ იმედით და ენერგიით ივსები. როგორ გვჭირდება ასეთი ურთიერთობები, თანაგრძნობა, ერთმანეთის მოსმენა. ჩემი პატარა ბიჭუნაც ბედნიერია, მოსწონს აქაურობა...
ახლა ვხვდები, როგორ უნდა მეცხოვრა. როგორც დედას, როგორც ქალს. გამოვდივარ იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც ვიყავი. მადლობა ამისთვის ყველას, ვინც დამეხმარა“...
ეს არის მოკლე მონაკვეთი წერილიდან, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგს მანანა გოცირიძეს დაუტოვა ერთ-ერთმა ქალმა, რომელმაც ჩვენს ცენტრში სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.
გამარჯობა, მე ვარ კუკავა ელეონორა, ფონდი ,, სოხუმის“ მოხალისე და მინდა მოგითხროთ ჩემი ,,წარმატების ფორმულის“ შესახებ.
მინდა გაგიზიაროთ ,ის ემოციები და შთაბეჭდილებები რაც უშუალოდ ამ პროექტთან, ფონდ ,, სოხუმთან“ მაკავშირებს. უპირველეს ყოვლისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ტრენერებს, რომ მომცეს საშუალება მიმეღო მეტად საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია. ეს პროექტი იყო ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა, რომელიც ვფიქრობ, წარმატებით შევასრულე. მივიღე გამოცდილება პროექტების წერაში, რაც აქამდე არ ვიცოდი და მომეცა საშუალება განმეხორციელებინა ჩვენი ჯგუფის მიერ დაწერილი პროექტი სახელწოდებით: ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია.’’
ვმონაწილეობდი სხვადასხვა აქტივობებში, ჯგუფურ სამუშაოებში, ვესწრებოდი ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე:,,როგორ აღმოვფხვრათ კომფლიქტი,’’ ,, სტერეოტიპები და ტოლერანტობა’’ და სხვა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგისმომცემი გამოდგა. ტრენინგების მსვლელობისას გვესტუმრა ფონდი სოხუმის ,, ფორუმ თეატრი“, გარდა ამისა, დავესწარით სამოქალაქო ფორუმს ქუთაისში თემაზე :,, ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა-მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად.’’ ამ ფორუმის ფარგლებში დავწერეთ თემა სახელწოდებით: ,, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი“, რაც დამეთანხმებით, რომ თითოეული ქართველისთვის მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. აქვე დავამატებდი იმას, რომ პროექტმა საშუალება მოგვცა ვწვეოდით ქალაქ სტამბულს ,სადაც ჩაგვიტარდა ტრენინგი ფორუმ თეატრის არსის შესახებ.
ფონდი "სოხუმის“ მიერ შექმნილ ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში თითქმის ერთი წლის წინ გავწევრიანდი და ამ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში ვისწავლე ძალიან ბევრი რამ.
ჩემთვის ბევრისმომცემი იყო სხვადასხვა აქტივობები, საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები. ვფიქრობ, რომ ფონდ „სოხუმს“ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ და აფხაზ თანატოლებს შორის ურთიერთობების დათბობაში. მართლაც, ჩვენი თითოეული ტრენერი და ხელმძღვანელი მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი განვითარებისთვის რაც ნამდვილად დასაფასებელია. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ფონდ " სოხუმის" თითოეულ წევრს იმ ცოდნისა და გამოცდილებისთვის რაც მათთან ერთად მუშაობის დროს მივიღე.
კოვალენკოების ოჯახი ხარკოვიდან ჩამოვიდა. რამდენიმე თვე იცხოვრეს სამტრედიაში. ბევრი სიძნელე გადაიტანეს. ბავშვი ორჯერ მოხვდა საავადმყოფოში. ჩვენი ფონდი დაეხმარა მათ საბუთების თარგმნაში უფასო მკურნალობისთვის, ეხმარებოდა სურსათით, ჰიგიენის საშუალებებით. შემდეგ მათ უკრაინაში გამგზავრება გადაწყვიტეს. მაგრამ საამისო ფული არ ჰქონდათ.
სოფი წირღვავამ (ასისტენტი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობს) გადაწყვიტა, თანხის შეგროვება მოესინჯა, თუმცა თვითონაც დიდად არ სჯეროდა, რომ გამოვიდოდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა თხოვნა, დახმარებოდნენ კოვალენკოების ოჯახს. იყვნენ ადამიანები, რომელთაც სოლიდური თანხა გადარიცხეს. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მითითებულ ანგარიშზე 3 და 5 ლარი ჩარიცხეს. გაკვირვებულები იყვნენ კოვალენკოები, ტიროდნენ, ამბობდნენ, ადამიანებს თვითონ უჭირთ და ჩვენ გვეხმარებიანო…
ორ დღეში 3600 ლარზე მეტი შეგროვდა.
წარმოგიდგენთ ნინო ქანთარიას - ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის აქტიურ წევრს.
ეს კი მისი წარმატების ისტორიაა...
ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა, გამომევლინა ჩემი თავი,როგორც ლიდერს,ჯგუფური მუშაობის დროს, როგორც აქტიურ წევრს, აქტიურ მოქალაქეს.
პროექტის წყალობით ჩავიხედე მეტად მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მშვიდობა და კონფლიქტი,ტოლერანტობა,გენდერული თანასწორობა. გავერკვიე აქტიური მოქალაქის როლსა და ფუნქციაში. პროექტის ფარგლებში გავიცანი საინტერესო ადამიანები,მოვისმინე საინტერესო ტრენინგები და მივიღე ჩემთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ.
ბევრი ლიდერი ქალი გამოკვეთა საპროექტო მუშაობამ.
მარი ჭითანავა ერთ-ერთი მათგანია. ამიტომაც შეჩერდა მასზე არჩევანი, როცა დაიწერა სტატია ჩვენს პარტნიორ მედიაგამოცემაში „აქტ2“.
მარი აფხაზეთიდანაა. 26 წლისაა, სამი შვილის დედა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ სამუშაო შეხვედრებზე რომ მიიწვიეს, უარი თქვა, არც ინტერესი ჰქონდა და არც დრო. მაგრამ მერე მაინც გადაწყვიტა ჩართვა ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფში. თანდათან იზრდებოდა მისი ინტერესი, სულ უფრო აქტიურობდა და ისრუტავდა ყველაფერს, რასაც უზიარებდნენ ცოცხალ თუ ონლაინ შეხვედრებზე.
მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში კოალიციური პროექტით „რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გაზრდა“.
ლიზი ტყაბლაძე - ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი.
ეს კი მისი წარმატების ისტორიაა...
„ამ პროექტის ფარგლებში გავეცანი ჩემთვის საინტერესო საკითხებს და გამოვიმუშავე ახალი უნარები, რომელსაც შემოდგომში გამოვიყენებ სხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში.
ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო საპროექტო განაცხადის შევსება და ბიუჯეტის შედგენა.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებიდან გამოვყოფდი კედლის მოხატვას, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. ბავშვებს მიეცათ საშუალება გამოემჟღავნებინათ თავისი კრეატიულობა და სასურველი შედეგიც მივიღეთ...
ამ პროექტში ჩართულობით გავხდი უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების ყოველმხრივ განვითარებასა და ზრდას.“
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ახლა სამი ფსიქოლოგი მუშაობს უკრაინელ ლტოლვილებთან.
მანანა გოცირიძე, რომელსაც ბევრი სამუშაო აქვს ქალთა მხარდაჭერის 10 ცენტრში და სარეაბილიტაციო ცენტრში, უკრაინელების ფსიქოემოციურ განწყობაზეც ზრუნავს.
მეორე ფსიქოლოგი, მარინა სტეპანენკო, კიევიდანაა. ახლა მესამე ფსიქოლოგიც გვყავს - ანია შალიმოვა ხერსონიდან.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხრიდანაც კარგი ჟესტია - უცხო ქალაქში თავისი პროფესიით დაასაქმო ადამიანი, შემოსავალიც ჰქონდეს და თანაკუთხელებსაც დაეხმაროს.
საქმე ყველასთვის სამყოფია: 197 ადამიანია ჩვენს საინფორმაციო ბაზაში და ყველას სჭირდება გამხნევება, ფსიქოლოგის კომპეტენტური რჩევა...
მანანა გოცირიძე: შევხვდი ოჯახებს, რომლებიც ჩამოვიდნენ კიევიდან, ოდესიდან, ხარკოვიდან და ხერსონიდან. მარტო ამ ქალაქების დასახელებაც კმარა, რომ მივხვდეთ, რა გადაიტანეს, რას განიცდიან... ტარდება პირველადი ფსიქოლოგიური კონსულტირება, ანამნეზის შეგროვება და თითოეულთან იგეგმება შემდგომი შეხვედრები. როცა მათთან მივდივართ, პროდუქტებიც მიგვაქვს და, ვფიქრობ, ესეც კარგი დახმარებაა.
ფატიმა რობაქიძე - ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორია. ცენტრი გასული წლის აპრილში გაიხსნა და ის ერთ-ერთია, რომელიც აქტიურად მუშაობს 10 მუნიციპალიტეტში პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
წარმატების ამ ისტორიაში ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის მონოლოგს გთავაზობთ.
ეს არის ამბავი იმისა, ფატიმა რობაქიძე რიგითი პედაგოგიდან როგორ იქცა სამოქალაქო აქტივისტად:
„მე პედაგოგი ვარ და აქამდე მიმაჩნდა, რომ ერთადერთი ფოკუსი უნდა მქონოდა – სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი გარემოს შექმნა ჩემს კლასში და ჩემი მოსწავლეების მშობლებთან. ვფიქრობდი, რომ სხვა რამისთვის დრო არ უნდა დამეხარჯა. ჩემთვის პირველი „ფანჯარა“ მაშინ გაიხსნა, როცა მცირე დროით სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ჩატარება მთხოვეს.
იმ დროს გავეცანი ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობას და მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც სანუკვარად მიმაჩნია – ხელსაყრელი კლიმატის შექმნა ბავშვებისთვის სწავლებისა და აღზრდისათვის, უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული.
