7 აპრილს მედიასაშუალებებით გავრცელდა ტრაგიკული ინფორმაცია სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარე ენგურის მიერ რამდენიმე ადამიანის გამორიყვასთან დაკავშირებით.[1] გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონის მცხოვრებლები ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ.[2] მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ყველა მათგანი დაიღუპა.
ხელმომწერი ორგანიზაციები თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და შეშფოთებას გამოვთქვამთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების არასათანადო დაცვის გამო. არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, ეხმიანებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ფაქტებს და იქ არსებულ კრიზისულ სიტუაციას[3] და მოუწოდებენ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.
ფონდმა „სოხუმმა“ კიდევ ერთი კარგი გამოცდილება გაუზიარა მკითხველს. ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო „ონლაინ „ხმის მრიცხველის“ - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის (Voter Advice Application) დანერგვა საქართველოში - მიღებული გაკვეთილები“.
პუბლიკაციაში დეტალურადაა ასახული პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელების თითოეული ეტაპი: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, მუშაობა პროექტის შემსრულებლებთან, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მუშაობა მასმედიასთან.
მკითხველი გაეცნობა დეტალურ მეთოდოლოგიას, მიღებულ გაკვეთილებს, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას.
ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ სწრაფი მოკვლევის ანგარიშს - „გალის რაიონში ხანძრით დაზარალებული მოსახლეობის მოლოდინები თუ ჩაფერფლილი იმედები: საჭიროებები და რეაგირების სტრატეგიები“, რომელშიც ასახულია 2021 წლის 4 იანვარს გალის რაიონში გაჩაღებული ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრიორიტეტული და გადაუდებელი საჭიროებები.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმ მძიმე ვითარებაზე, რომელშიც აღმოჩნდა ჯეროვანი დახმარების გარეშე მიტოვებული მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად უპირისპირდება სასურსათო, ეკონომიკურ, ჯანმრთელობის და სოციალური უსაფრთხოების რისკებს. შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ ხანძრით დაზარალებული ადამიანები თავს დავიწყებულად, მიტოვებულად და უგულებელყოფილად გრძნობენ.
ანგარიშში წარმოდგენილია მოკვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემათა და საჭიროებათა ნუსხა და კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს გალის მოსახლეობაზე ხანძრით გამოწვეული ნეგატიური ეფექტის შემცირებას და შესაბამისი საგანგებო სტრატეგიის შემუშავებას.
ფონდი „სოხუმის“ პირველი პუბლიკაცია იყო „ქალთა ხმა“, პატარა ფორმატის საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც ქუთაისის სტამბაში დაიბეჭდა 2001 წლის 29 ნოემბერს. „ქალთა ხმა“ წლების მანძილზე იყო ორგანიზაციის პერიოდული გამოცემა (უფრო დიდი ფორმატის გაზეთი, ჟურნალი) - სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ტირაჟით.
ჟურნალ-გაზეთების პარალელურად, ფონდი „სოხუმი“ საქმიანობის მიმართულებების მიხედვით გამოსცემს ანგარიშებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ანალიტიკურ სტატიებს და პოლიტიკურ დოკუმენტებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, გზამკვლევებს...

ფონდი „სოხუმი“ სისტემატიურად იკვლევს და სწავლობს უსაფრთხოების დაბალი ხარისხისა და ძალადობის მაღალი რისკის ადგილებში, მათ შორის აფხაზეთთან, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მდგომარეობას. მოსახლეობის მდგომარეობის შესაფასებლად, ჩვენ შევიმუშავეთ და დავნერგეთ კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების, გენდერზე ორიენტირებული სისტემა (Gender Responsive Early Warning System), რომელიც წარმოადგენს გენდერულად მგრძნობიარე კონფლიქტის ანალიზის კომპლექსურ მექანიზმს. კვლევა ჩატარდა 2020 წლის სექტემბერ-დეკემბერში და მოიცვა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე 11 მუნიციპალიტეტი - ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი (კოკი, ხურჩა, შამგონა, კახათი), წალენჯიხა (ფახულანი, წყოუში), ლანჩხუთი, ოზურგეთი, ქობულეთი და ასევე გალის რაიონის გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლები (ნაბაკევი და საბერიო).
ახალი პუბლიკაციაში: „COVID-19 კრიზისის გავლენის გენდერული განზომილება და პანდემიაზე რეაგირების ეფექტიანობა“ აღწერილია პანდემიის გავლენა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და გოგონების ადამიანურ უსაფრთხოებაზე და ასევე ასახულია მოსახლეობის დამოკიდებულება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გატარებული პოლიტიკის ეფექტიანობის მიმართ.
„საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“ - ეს არის ახალი პუბლიკაცია, მეორე ანგარიში, რომელიც მოამზადა ფონდმა „სოხუმმა“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.
მონიტორინგის შედეგად შეფასდა ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.
მეორე ანგარიშში ნაჩვენებია პირველი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და წარმოდგენილია ახალი რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მომსახურების უკეთესი ხარისხის მისაღწევად.
ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის ახალ ანგარიშს „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური პროგრამები და გენდერული ბიუჯეტი“. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა ორგანიზაციის სამიზნე 12 მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტებში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამები და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული ადგილობრივი პოლიტიკა. ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები და მათი ანალიზის საფუძველზე შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და ასევე სამხარეო ადმინისტრაციის საყურადღებოდ.
„მასწავლებლისგან გამიგონია ფრაზა: „ეს საქციელი გოგოს არ შეჰფერის“, თუმცა იქვე მოსწავლისგან პასუხი იყო ასეთი: „მასწავლებელო, საქციელს სქესი არ გააჩნია“ - პუბლიკაციაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ეს სიტყვები.
ფონდი „სოხუმის“ ახალ გამოცემაში გაანალიზებულია ჩატარებული კვლევის შედეგები.
კვლევამ მოიცვა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, რესურსცენტრის თანამშრომლები, განათლებისა და გენდერის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სკოლებში, მშობლები და ყოფილი მოსწავლეები. გაანალიზდა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, გამოყენებულ იქნა ამ საკითხზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები.
მონიტორინგით გამოკვეთილმა სურათმა ნათლად დაადასტურა სკოლებში გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ მიზნობრივი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა.

„საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გატარების პროცესში მოსახლეობის საჭიროებათა შეფასება დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში - კონსოლიდირებული ანგარიში“ - ასე ჰქვია ახალ პუბლიკაციას, რომელიც გამოიცა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
