ფონდი „სოხუმი“ 10 პარტნიორი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით ქალების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით საჭირო სერვისების კვლევას აწარმოებს. ფოკუსი კეთდება მათ ყველაზე მოწყვლად  კატეგორიაზე: ძალადობის მსხვერპლი და რისკ-ჯგუფის ქალები, მარტოხელა და მრავალშვილიანი, მცირეწლოვანი ბავშვების დედები.

რომელი სერვისებია აუცილებელი იმისთვის, რომ ქალებმა შეუფერხებლად შეძლონ ეკონომიკური საქმიანობა, რა არის საჭირო მათი ხელშეწყობისთვის - ამ საკითხებზე ქალებთან ფოკუს-ჯგუფების დისკუსიები ჩატარდა. გამოიკვეთა ყველა ის გამოწვევა, რაც მათ ხელს უშლით ეკონომიკურად აქტიური საქმიანობის წარმართვაში. პირველ რიგში - ეს ბავშვთა მოვლის სერვისებია, რომლებიც ქალებს ვერ უქმნის სათანადო პირობებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდისთვის.

 

დღის სარეაბილიტაციო ცენტრმა აქტიური მუშაობა განაახლა. მაისის ბოლოს შეიკრიბა ახალი ჯგუფები - ქალთა ერთი ნაწილი შეისწავლის მუშაობას პოლიმერულ თიხაზე, მეორე ნაწილი კი გაივლის საბუღალტრო აღრიცხვის კურსებს.

დღის ცენტრის გამოცდილებამ აჩვენა მისი ეფექტიანობა, შრომითი თერაპიის მნიშვნელობა ძალადობისგან დაზარალებული ქალებისთვის. ეს ზრდის დასაქმების პერსპექტივას. ახალი პროფესიის დაუფლებასთან ერთად ბენეფიციარებს აქვთ ფსიქოლოგისა და იურისტის  კონსულტაციის მიღების და რეაბილიტაციის შესაძლებლობა.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სხვადასხვა თემში. შეხვედრებზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მონაწილეები ისმენენ ინფორმაციებს: რას ითვალისწინებს კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ, ძალადობის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ, რეაგირების რა მექანიზმები არსებობს. ეცნობიან მსხვერპლთა დახმარების სერვისებს.

შეხვედრები ჩატარდა ვანის, ბაღდათის, ჩოხატაურის, წალენჯიხის, ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.

საინფორმაციო შეხვედრებიდან უკვე მოხდა კონკრეტული ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება. რეაგირება გრძელდება ქეისების შინაარსის შესაბამისად, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისა და იურისტის ჩართულობით.

ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს ორგანიზებით და ფონდ „სოხუმთან“ პარტნიორობით სახელისუფლებო სტრუქტურებისა და სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა, სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება“. განხილულ იქნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ქეისები. ფონდი „სოხუმის“ მიერ მოწვეულმა სტუმრებმა - სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ქობულეთელ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ.

შეხვედრის მონაწილეებმა ძალადობის კუთხით არსებული სიტუაცია გააანალიზეს და სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივები განსაზღვრეს.

ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით ფონდმა „სოხუმმა“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა ჩაატარა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე,  ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციასა და სოციალურ თანამშრომლობაზე.  აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება, გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი.

ყველაზე დიდ გამოწვევად დასახელდა საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. გამოიკვეთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის  საჭიროება და მუნიციპალური გენდერული საბჭოს გააქტიურება ამ მხრივ.

ძალადობის შემთხვევებზე ფსიქოსამართლებრივი რეაგირების მექანიზმები, მსხვერპლთა დახმარების სერვისები - ამ საკითხებზე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები თერჯოლის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები სხვადასხვა თემების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებასაც ახდენენ. რეაგირების მექანიზმი სხვადასხვაა: გამოიყენება ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაცია. კონფლიქტურ სიტუაციაში რთავენ ავტორიტეტულ ადამიანებს.  ეს ინსტრუმენტები ზრდის ეფექტიანობას.

შეხვედრებზე გავრცელდა ინფორმაცია ახალ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“ http://gbvdigitalresourcecenter.ge/. ეს გვერდი მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე იძლევა სრულ ინფორმაციას.  

მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის ინფორმირება მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

ეს ახალი ვებგვერდია „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“.

ამ პლატფორმაზე თავმოყრილია შემდეგი ინფორმაცია: სერვისები ძალადობის მსხვერპლთათვის, კანონმდებლობა, ეროვნული რეფერალური მექანიზმი, პუბლიკაციები (ანგარიშები და კვლევები), მობილური აპლიკაციები და ცხელი ხაზის ნომრები, პასუხები სხვადასხვა კითხვაზე, სიახლეები.

ვებგვერდის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული ყველა სახის სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ვებგვერდი შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ მიერ კანადის გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით და ამჟამად მუშაობს სატესტო რეჟიმში.

http://gbvdigitalresourcecenter.ge/

1 ივნისს ქუთაისის, ვანის, თერჯოლის, ბაღდათის, ტყიბულის, სენაკის, ჩოხატაურის, ქობულეთის, წალენჯიხის, ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ერთთვიანი მუშაობა შეაჯამეს: ერთმანეთს ინფორმაციები გაუცვალეს და  ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომელთაც ადგილზე აწყდებიან ძალადობის პრობლემის იდენტიფიკაციის კუთხით. 

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა მომდევნო თვის გეგმა განიხილეს. მათი წინადადებები აისახა სამუშაო მოდულში, რაც მუშაობის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მაისში ფსიქოლოგის ტელეფონზე 56 ზარი შევიდა ქუთაისიდან და იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები მუშაობენ. ეს ადამიანთა საგანგაშო-ტრავმატულ მდგომარეობაზე მიუთითებს.

10 ბენეფიციარი ონლაინ და ათიც ოფლაინ განაგრძობს ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას - მათ შორის სამი მოზარდია.

თვის განმავლობაში ფსიქოლოგთან ერთად ასევე აქტიურად მუშაობდა ფონდი „სოხუმის“  იურისტი. გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები ბენეფიციარებთან. წარიმართა შეხვედრები კრიზისული ოჯახების წევრებთან. ყველა კმაყოფილებით აღნიშნავს ამ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელიც უფასოდ ტარდება და ხშირად სერვისს ადამიანები სახლიდან გაუსვლელად იღებენ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები