ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების რეფერირების ადგილობრივ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის სისტემის ხელშეწყობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების და მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპი-ების წარმომადგენელები. ისაუბრეს ოჯახში ძალადობის პრევენციაზე, ძალადობის რისკ-ჯგუფებზე, ყველაზე მოწყვლადი ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და სოციალური პარტნიორობის ადგილობრივი სისტემის აუცილებლობაზე, ინტერსექტორული რესურსების გაერთიანების საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ვანის მერიის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებისთვის ჩატარდა ვორკშოპი.
მონაწილეებმა იმსჯელეს თითოული წევრის ვალდებულებებზე, რაც აუცილებელია კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის. განიხილეს სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარებათ კონკრეტული ქეისების მართვაში.
აღინიშნა, რომ გადასახედია შემადგენლობა და მეტი აქტიურობისთვის დასამატებელია წევრები. ასევე დაფიქსირდა, რომ კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ძალადობის ფაქტების პრევენციას და დაზარალებულების დროულ დახმარებას.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
სასწავლო პროექტები ქალთა ფონდი „სოხუმის“ განსაკუთრებული ხელწერაა. ქუთაისის ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილი ქალები ახალ უნარებს დაეუფლნენ.
მათ მიიღეს კომპიუტერული უნარების (Windows, Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet Explorer, Skype, E-mail) საბაზისო ცოდნა და კურსის ბოლოს სერთიფიკატები გადაეცათ. კომპიუტერული კურსი ხელს შეუწყობს ბენეფიციარებს კომუნიკაციაში, დასაქმებასა და თვითრეალიზებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კარზეა მომდგარი ახალი წელი და ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მასპინძლებმა და სტუმრებმა ლამაზი საახალწლო გარემო შექმნეს.
დეკემბერში აქ იმყოფებოდა ძალადობის მსხვერპლთა კიდევ ერთი ჯგუფი - ორი ქალი ბავშვებთან ერთად, სულ 6 ადამიანი. ორი კვირის განმავლობაში მათ გაიარეს კომპლექსური მუშაობა ფსიქოლოგთან, იურისტთან და სოციალურ მუშაკთან. ბავშვები საინტერესოდ და კრეატიულად ატარებდნენ დროს პედაგოგთან ერთად.
2023 წელს შვილებიანად 30-ზე მეტმა ქალმა მიიღო ჩვენი მხარდაჭერა.
ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ერთ-ერთი ქალის ისტორია გაგვიზიარა. ნანი (პირობითი სახელი) 45 წლისაა. ის ჩვენი ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანეს ორ შვილთან ერთად.
ნანი რამდენჯერმე წავიდა სახლიდან და მოლაპარაკებების და ხვეწნა-მუდარის შემდეგ ისევ დაბრუნდა. სამი წლის წინ პოლიციაც კი გამოიძახა, მაგრამ შემდეგ განცხადება გამოითხოვა.
„ჩემზე ახლაც ამბობენ, ეს ის ქალია, ქმრის ჩასმა რომ უნდოდაო ციხეში. დედაჩემმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქმართან დავრჩენილიყავი - არ არის კარგი, განქორწინებულს რომ დაგიძახებენ, მოითმინე, დაგეხმარებით, სად დაბრუნდები, შენი რძალია სახლში და შენი ადგილი აქ არ არის, უკვე სტუმარი ხარო. გათხოვების შემდეგ დავიკარგე და დღემდე ვერ ვპოულობ ჩემს თავს. მხოლოდ ბავშვები მაძლევენ სტიმულს, მაგრამ უკვე არ მინდა, ამ გარემოში მყავდეს ბავშვები. მანამდე კარების სრულად გამოხურვა ვერ მოვახერხე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად შევძლებ.“
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ეს კამპანია აძლიერებს ქალებს და ადგილობრივ დონეზე მეტი მხარდამჭერის პოვნაში ეხმარება.
ყველა ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ცდილობს პრობლემების მოგვარებას. რამდენიმე შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგიც, რომელმაც მძიმე ქეისებზე დაიწყო მუშაობა.
ჯგუფის წევრები გახსნილად საუბრობენ პრობლემებზე. შეხვედრებს ესწრებოდნენ მერიის, სოციალური სამსახურის, გენდერული საბჭოს წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ პრობლემათა ადვოკატირების პროცესში და დაეხმარონ ქალებს თავიანთი მიზნების მიღწევაში.
დეკემბრის შეხვედრები გამორჩეული იყო იმით, რომ ჯგუფის წევრებს მადლობის სიგელები გადაეცათ ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ეს დიდი სტიმულია მათთვის.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
შეავსე კითხვარი! - ასეთი თხოვნა გამოჩნდა ჩვენს ვებგვერდზე.
შესავალში წერია:
მეორე წელია, ფუნქციონირებს ჩვენი ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა ციფრული რესურსცენტრი“ - https://sosfsokhumi.ge/
მომხმარებელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.
ეს ნიშნავს ვიზიტორთა დაკვეთის გათვალისწინებას - ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვან ინფორმაციაზე.
თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ საიტის დახვეწაში!
უკვე ათობით ადამიანმა შეავსო კითხვარი, რომელშიც არის შეკითხვები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი საინფორმაციო პლატფორმა, რამდენად აქტიურად სარგებლობს ადამიანი ვებგვერდით, არის თუ არა განთავსებული ინფორმაცია სასარგებლო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის/პოტენციური მსხვერპლისთვის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი ქალებთან. შეხვედრები გაიმართა ქალაქ ჯვარში და სოფლებში: ნაკიფუ, ლია, ფახულანი, საჩინო, ჯგალი.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, დარიგდა საგანგებოდ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები. ნარინჯისფერი ბაფთებით შეხვედრების მონაწილეებმა კამპანიის მხარდაჭერა გამოხატეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა), ევროკავშირის მხარდაჭერით, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა წარადგინეს.
ღონისძიებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე შეკრებილები საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგებს გაეცნენ და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო და პოლიტიკის მიმართულებით.
პრეზენტაციას ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე ესწრებოდა.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად ჩაერთნენ 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
მობილიზატორების ინიცირებით, აქტიური დისკუსიები მიმდინარეობდა აქტუალურ საკითხებზე: გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და მისი ნეგატიური შედეგები, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისები, ოჯახური კონფლიქტები და პრევენციული გზები...
ათივე ქალთა მხარდაჭერის ცენტრში დარიგდა საინფორმაციო ფურცლები და პოსტერები. ჩატარდა აქციები ადგილობრივი სტრუქტურების ჩართულობით.
ფილმების ჩვენება, დისკუსიები, ვორკშოპები, საინფორმაციო შეხვედრები, დებატ-კლუბები, ნახატების გამოფენები, აქციები - კამპანიის ფარგლებში 34 სხვადასხვა ფორმატის აქტივობა ჩატარდა. 16-დღიანმა კამპანიამ 40-ზე მეტი ქალაქი თუ სოფელი მოიცვა - ჩაერთო 300-ზე მეტი ადამიანი.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ოჯახში ძალადობა საყოველთაო პრობლემაა და მის მოსაგვარებლად ერთიანი ძალისხმევა და კომპლექსური მიდგომებია საჭირო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
