ჩვენი ორგანიზაციის სარეაბილიტაციო ცენტრის კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება.
25 წლის ქალი, სამი შვილის დედა, დაშინებული და დამცირებული, მძიმე გამოცდილების შემდეგ ცენტრში მოხვდა. პირველ დღესვე აღნიშნა პროფესიული გუნდის გულისხმიერება.
ფსიქოლოგის, იურისტის, სოციალური მუშაკის, ბავშვებთან მუშაობის ასისტენტის ერთობლივმა ძალისხმევამ ეს შედეგი გამოიღო: „ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ვერც კი წარმომედგინა, რომ მსგავსი მხარდამჭერი სერვისი სადმე არსებობდა... აქ ნამდვილად იგრძნობოდა სითბო, ყურადღება და ზრუნვა“...
ცენტრში მან პირველად დაიჯერა, რომ შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება. პატივისცემა, ზრუნვა და გულწრფელი მხარდაჭერა გახდა მისი პირველი ნაბიჯი საკუთარი თავისკენ.
ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა. ცენტრში მოსული ყოველი ქალი თავის ისტორიას წერს...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სად არის ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი რისკი?
ჩვენ მიერ შედგენილი რუკა გაჩვენებთ ოჯახში ძალადობის რისკების დონეს დასავლეთ საქართველოს 11 სამიზნე მუნიციპალიტეტში.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა ორი წლის წინ განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“: https://sosfsokhumi.ge/
რუკა ითვალისწინებს სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტებში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკებისა და უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას, არსებულ საფრთხეებზე დროული რეაგირების მიზნით - https://sosfsokhumi.ge/map
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები მერი გელაშვილი და ლარისა შენგელია და ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ზუგდიდი, ფოთი) სათემო მუშაკები მონაწილეობდნენ ორდღიან ტრენინგში, რომელიც გაიმართა თბილისში სოციალური აქტივობის და ქცევითი ცვლილების თემაზე.
ტრენინგს ესწრებოდა 24 ადამიანი სამი პარტნიორი ორგანიზაციიდან (იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრი).
მონაწილეები გაეცნენ თვითდახმარების ჯგუფების ფუნქციონირების და ქცევითი ცვლილების მოდელს. ჯგუფური მუშაობის პროცესში მათ განსაზღვრეს თემის საჭიროებები, ქცევითი ბარიერები და შეიმუშავეს პრაქტიკული იდეები თემის საჭიროებებზე მორგებული ცვლილებებისთვის.
ტრენინგს უძღვებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ქცევითი მეცნიერების მოწვეული ექსპერტები. მიღებული ცოდნა დაეხმარება მონაწილეებს თავიანთ თემებში თანმიმდევრული ცვლილებების მიღწევაში.
ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია კონფლიქტის მართვის და ძალადობის პრევენციის თემატიკა, რადგან ეს პრობლემები მათ ყოველდღიურ ცხოვრებასაც უკავშირდება. შეხვედრების დროს ისინი ინტერესიით განიხილავენ სხვადასხვა ფორმის ძალადობას, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზებს, ერთმანეთის მხარდაჭერის აუცილებლობას.
მონაწილეები ამბობენ, რომ თავისუფალ სივრცეში ერთმანეთთან გულწრფელი კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი უფრო მეტად აცნობიერებენ ძალადობის საფრთხეებს, განიხილავენ დაცვის მექანიზმებს და სურვილი აქვთ, სხვებსაც გაუზიარონ ინფორმაცია.
ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ მათი ჩართულობით თანატოლებში კიდევ უფრო გაიზრდება ინფორმირებულობის დონე და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ღია ცის ქვეშ გამოსვლა, თუნდაც ივლისის თაკარა ამინდში კარგი გამოცდილებაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
ორი წარმოდგენა ჩაატარა ფორუმ-თეატრმა ქუთაისში: განახლებულ ცენტრალურ პარკში და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში.
სამწუხაროდ, მაყურებლები ერიდებიან ფოტოგადაღებას და კადრებშიც არ ჩანან...
რაც მთავარია, დისკუსიაში ერთვებიან, იზიარებენ ფორუმ-თეატრის მოწოდებებს, რომ: ძალადობა დაუშვებელია, არ უნდა შევურიგდეთ ძალადობას და ბულინგს, დავიცვათ ძალადობაგამოვლილი ადამიანი...
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქალაქის უცხოელი სტუმრების რეაქცია, როცა მსახიობებმა ინგლისურად გააცნეს მათ ფორუმ-თეატრის არსი და მიზანი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალების საჭიროებები, სურვილები, განწყობები ყველაზე კარგად მათთან შეხვედრების დროს იკვეთება. ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შეხვედრები ყოველთვიურად ტარდება. განხილვის თემა, ძირითადად, ოჯახში ძალადობის საკითხებს უკავშირდება.
წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, ვანში ქალთა ჯგუფებთან შეხვედრის დროს მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხი გამოკვეთეს:
- ქალების დიდი ნაწილი ემიგრაციაშია წასული. არასრულფასოვანი ოჯახი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია. ბავშვებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.
- ქალებს სამუშაო ადგილები არა აქვთ და სოციალური დახმარება არასაკმარისია. ასეთ ოჯახებში ხშირია კონფლიქტები სოციალურ პრობლემებზე.
საერთო პრობლემების განხილვის შემდეგ ინდივიდუალურ საკითხებზე იწყება მუშაობა. მობილიზატორების ჩარევით სამ ბენეფიციარს მოუგვარდა პრობლემა თერჯოლაში, ვანში და წყალტუბოში. პრობლემები საჭიროებდა სოციალური მუშაკის, იურისტის და ფსიქოლოგის ჩართულობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
როგორ აფასებენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას? რა შედეგებს იძლევა და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრები? რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ ქალებს?
ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად შიდა მონიტორინგი ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეები ღიად გამოხატავენ საკუთარ განწყობებს და ახალ იდეებსაც გვკარნახობენ:
- ჩვენთვის ეს შეხვედრები არის ახალი ინფორმაციების მიღების წყარო. ქალებზე ძალადობა არ დამთავრებულა, უნდა გავძლიერდეთ ამ პრობლემის წინააღმდეგ.
- ქალებს იშვიათად გვაქვს შეკრების და საკუთარი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა, ყოველდღიური რუტინისგან გადაღლილებს სხვა განწყობა გვხვდება და ეს ძალიან გვჭირდება.
- მიხარია, რომ ქალებზე ფიქრობთ, ჩვენს გაძლიერებაზე. ჩვენი თვითშეფასება იზრდება. ახალი იდეები გვიჩნდება. კარგი იქნება, თუ ჩვენი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა.
შეხვედრები ჩატარდა ზუგდიდი/ხურჩის, სენაკის, ხონის, ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის ქალთა ჯგუფებთან მიგრაციის საკითხებზე სამოქალაქო დიალოგი გაიმართა. შეხვედრის მონაწილეები - სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ქალები - გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევას „ქალთა მიგრაციის გამომწვევი მიზეზების გენდერული განზომილება: უფლებრივი მდგომარეობისა და სოციალურ-სტრუქტურული ფაქტორების ჭრილში“. შემდეგ გაიმართა დიალოგი ქალთა მიგრაციის მიზეზებზე და მის სოციალურ შედეგებზე, მიგრაციის პრევენციის ღონისძიებებზე.
მონაწილეებმა მოიყვანეს არაერთი მაგალითი - პოზიტიური ეკონომიკური ეფექტის პარალელურად, როგორი მატრავმირებელი ეფექტი აქვს მიგრაციას თავად მიგრანტ ქალებზე, მათი ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით - ბავშვებზე. გულისტკივილით აღნიშნეს გაუცხოების და სხვა ფსიქოემოციური სირთულეების მომენტები.
შედგა დისკუსია იმის თაობაზე, სტრუქტურულ გადაწყვეტილებებთან ერთად, რა ძალისხმევა შეიძლება გასწიონ საზოგადოების რიგითმა წევრებმა, რათა შემცირდეს მიგრაციის ტენდენცია, შემცირდეს მისი ფსიქოემოციური ნეგატიური შედეგები.
გამოითქვა საინტერესო იდეები თემის დონეზე გასატარებელი ღონისძიებების, ამისთვის საჭირო რესურსების შესახებ. შემდგომ ეტაპზე ყველაზე საინტერესო ინიციატივების შერჩევა და მისი განხორციელება იგეგმება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სოციალური აქტივობის თემა იყო მთავარი წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა ოთხი დასახლებიდან.
მონაწილეებმა შეავსეს პრე- და პოსტკითხვარები სოციალური აქტივობის საკითხებზე. მათ გაიაზრეს, რას ნიშნავს სოციალური აქტივობა, რას ემსახურება, რა შედეგები შეიძლება მოგვცეს…
შეხვედრაზე შემუშავდა თვითდახმარების ჯგუფის წესდება. საუბარი ასევე შეეხო ოთხივე დასახლების პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი მოგვარების გზების დაგეგმვას.
