კიდევ ერთი კარგი შედეგი გამოიღო ხონის მუნიციპალიტეტში პროექტმა „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“. პროექტის ფარგლებში დაფუძნდა სამოქალაქო ორგანიზაციის ორი ორგანიზაცია. მათ ფორმირებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ფორუმის წევრი ორგანიზაციები: ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი და განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“.
23 იანვარს ახალი წლის პირველი შეხვედრა ჩატარდა - მოხდა გამოცდილების გაზიარება, გაიმართა კონსულტაციები, განიხილეს გეგმები. აღინიშნა ასევე საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელშიც ახალი ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას.
რა საფრთხეებს უქმნის მოზარდებს გარემო, რომელშიც ჯერ კიდევ არის გენდერული დისკრიმინაცია; რა გამოწვევები გაჩნდა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს; რა მნიშვნელობა აქვს მშობლებისა და პედაგოგების ურთიერთობას - ამ საკითხებზე გაიმართა საუბარი ონლაინ მრგვალ მაგიდაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები...
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაცია „სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“. დაისვა აქტუალური პრობლემები, გამოითქვა მოსაზრებები, დაფიქსირდა წინადადებები, როგორ გაუმჯობესდეს თანამშრომლობა ბავშვებისთვის ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნის კუთხით.
ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გენდერული თანასწორობის დამკვიდრება და ქალთა შესაძლებლობების გაზრდაა, ადგილობრივი დაგეგმვის, ბიუჯეტის შედგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის მიზნით.
ფონდი ეწევა საგანმანათლებლო, საკონსულტაციო საქმიანობას და ახორციელებს მონიტორინგსა და ადვოკატირებას, კანონების, პოლიტიკისა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის დამკვიდრებას და მათ თანაბარ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ფონდი „სოხუმი“ 2001 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების და ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით. ფონდი „სოხუმის“ ბაზაზე ფუნქციონირებს „ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის დღის ცენტრი“, სადაც ძალადობის მსხვერპლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია, გაიარონ პროფესიული კურსები დასაქმებაში ხელშეწყობის პერსპექტივით.
ფონდი „სოხუმი“ აფასებს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესაბამისობას ბენეფიციართა საჭიროებებთან და პრიორიტეტებთნ. ყველა მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია ასახულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებში, რომლებიც ვრცელდება შესაბამის უწყებებთან, თანამდებობის პირებთან და დაინტერესებულ პირებთან ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.
ფონდის მიერ ჩამოყალიბებული „ქალთა მხარდაჭერის ცენტრები“ სისტემატურად აგროვებენ ინფორმაციას ადგილობრივი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, ხდება მოქალაქეთა ინფორმირება და მათი ჩართვა პრობლემათა მოგვარების პროცესში.
ორგანიზაციას ჰყავს ტრენერების კვალიფიციური გუნდი და აქვს სხვადასხვა სატრენინგო მოდული.
2018 წელს ქუთაისში, ფონდის ოფისში გაიხსნა დღის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ძალადობის მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია ისარგებლოს ფსიქოლოგის და იურისტის უფასო კონსულტაციით; გაიაროს ბუღალტერიის, ჭრა-კერვის, კომპიუტერის შემსწავლელი და პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები. კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარებს აქვთ ბიზნესპროექტის დაწერის და კონკურსის შედეგად - მცირე გრანტის მიღების შესაძლებლობა.
ფონდი „სოხუმი“ დაარსებიდან დღემდე უწყვეტად არის ჩართული კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. აფხაზეთში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ და სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო გამოცდილების ერთობლივად შესწავლამ საფუძველი ჩაუყარა არაერთ პარტნიორულ პროექტს, რომლებიც მიმართულია მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში ქალთა როლის გაზრდისა და ნდობის აღდგენისკენ. ერთობლივი პროექტების ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა, გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მრავალი დოკუმენტი, ანალიტიკური ნაშრომი, მეთოდური სახელმძღვანელოები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების გზით ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან (ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები) წარსულის გადაფასების, კონფლიქტით გამოწვეული მტრის ხატის და დაძაბულობის შემცირების და მშვიდობის კულტურის გავრცელების მიმართულებით.
ახალგაზრდებთან მუშაობა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას და მათში კონკრეტული კომპეტენციების და უნარების განვითარებას გულისხმობს. განსაკუთრებით ეს ეხება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეურიგებლობის აღზრდას, ტოლერანტობის კულტურის, კონფლიქტების მართვის, ძალადობის პრევენციის უნარების სწავლებას, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უშუალო პარტნიორობით ხორციელდება.
სამი წლის მანძილზე ფონდი „სოხუმის“ ეგიდით დასავლეთ საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა კონფლიქტის მართვის ჯგუფები და ახალგაზრდული კლუბები. მათ ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდული ცენტრები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათი ლიდერული და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას. ამ კუთხით ფონდს აქვს დიდი გამოცდილება: მისი თაოსნობით წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა „ლიდერ გოგონათა სკოლა“, რომელმაც არაერთ დევნილ გოგონას გაუხსნა გზა პიროვნული და პროფესიული ზრდისა და წარმატებისკენ.
ფორუმ-თეატრს უჩვეულო პერიოდი აქვს - დროებით დაკარგა მაყურებელი, მაგრამ ახლა სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და მის აქტივობებს უფრო მეტი ადამიანი ხედავს.
განსაკუთრებული აზარტით ჩაერთო ფორუმ-თეატრი კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე წარმოდგენილია: ვიდეოჩანაწერები ოჯახური ძალადობის და კოვიდპანდემიის თემაზე, თეატრის სამი თაობის მატიანე, ჩრდილების თეატრის ფოტოკოლაჟი, პოეზიის ხუთწუთიანი ჩართვები...
სანამ მაყურებელს პირისპირ შეხვდება, ფორუმ-თეატრი ინტერნეტში აქტიურობს...
ფონდმა „სოხუმმა“ შეისწავლა მის სამუშაო არეალში COVID-19 ვირუსით გამოწვეული პრობლემები და საჭიროებები. შემდეგ დაგეგმა შესაბამისი სტრატეგია მათი დროული გადაჭრისათვის და მონაცემები გაეგზავნა მუნიციპალიტეტებს.
ფონდის ფეისბუქგვერდზე მაისში განთავსდა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების გამოხმაურებები. წარმოდგენილია ვიდეომიმართვები - ქუთაისის, ხონის, სენაკის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ისინი საუბრობენ შესრულებულ სამუშაოზე - მათ შორის, COVID-19 ვირუსის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ფონზე.
https://www.facebook.com/fsokhumi/photos/a.1420370111528637/2661623037403332/?type=3&theater
https://www.facebook.com/watch/?v=273960523635207
https://www.facebook.com/watch/?v=236795314276282
https://www.facebook.com/watch/?v=921422101611260
https://www.facebook.com/watch/?v=637125786882275
ფონდი „სოხუმის“ თაოსნობით დაიბეჭდა კიდევ ერთი მეთოდური სახელმძღვანელო-გზამკვლევი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგისა და გენდერული ანალიზის კუთხით დახმარებას გაუწევს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
„გზამკვლევი“, პირველ რიგში, კარგ სამსახურს გაუწევს ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის და ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებს, რომლებიც, ყოველწლიურად, საკუთარი ძალებით ახორციელებენ ადგილობრივი გენდერული საჭიროებებისა და ბიუჯეტის ანალიზს, რათა მათ საფუძველზე მოხდეს რეკომენდაციების მომზადება თვითმმართველობების საბიუჯეტო პროგრამებში შესაბამისი პროგრამების დასანერგად.