კარგი სიახლე გვაქვს: ქუთაისის მერიაში მხარი დაუჭირეს ჩვენს წინადადებას - უკრაინელებისთვის საქალაქო ტრანსპორტში უფასო მგზავრობის თაობაზე. ასევე გაიცემა 100-ლარიანი სასურსათო ვაუჩერები და კვლავინდებურად ხდება ბინების დაქირავება.
122 ადამიანი – ასეთია ჩვენი საკონტაქტო ბაზა. ეს უკრაინელი ლტოლვილები ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და ჩვენ გვიკავშირდებიან.
ივნისში 16 ოჯახს გაეწია დახმარება, ზოგიერთს მეორედ, ერთ ოჯახს კი მესამედ, რადგან ჩვენი ორგანიზაციის გარდა მას არავინ ეხმარება.
ივსება მოხალისეთა სია: გვწერენ ადამიანები, რომელთაც უნდათ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების დახმარება. ზოგიერთს თანხა გადაურიცხეს, ზოგს საყოფაცხოვრებო ნივთები შეუძინეს. ვიპოვეთ ეტლი ახალშობილისთვის, გავაგზავნეთ რუსთავში ბავშვისთვის საჭირო სხვა ნივთებთან ერთად.
ჩვენი ძვირფასი უკრაინელები მონაწილეობდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაში:
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ოფისში მოვიწვიეთ უკრაინელი ქალები და ბავშვები. მათთვის მოეწყო ჩვენი თანამშრომლების მომზადებული გემრიელი ქართული კერძების პრეზენტაცია. მათ ასევე სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით. სტუმრებმა თავიანთი ამბები გვიამბეს. ბევრი სახალისო და სევდიანი მომენტი იყო.
„ყოველი ახალი თვე ახალი შესაძლებლობაა, გაიზარდო სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით, მიხარია თქვენთან ურთიერთობა, რადგან იმ თემებზე ვსაუბრობთ, რომლებიც დღეს ყველაზე დიდი გამოწვეევა ჩვენი თაობისთვის.“
„პანდემიამ მოგვიტანა ჩაკეტილობა, გაუცხოება... ეს ტრენინგები კი გულახდილი საუბრის, აზრების გაცვლის და საკუთარი როლის განსაზღვრის შესაძლებლობას გვაძლევს“.
ეს ტრენინგის მონაწილეთა სიტყვებია.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ივნისის ბოლო ტრენინგები გამართა სენაკის, სამტრედიის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.
10 მუნიციპალიტეტში დასრულდა აქტიური სატრენინგო კურსი კონფლიქტის ესკალაციის და გენდერული თანასწორობის თემებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკი, თერჯოლა, ქობულეთი, სამტრედია, დიდი ნეძი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) – ფსიქოლოგის შეხვედრების ადგილები, სადაც ინდივიდუალურ და ჯგუფურ სეანსებზე მონაწილეობა მიიღო 35-მა ბენეფიციარმა. ონლაინ ფსიქოთერაპიული სესიები გაიარა 10-მა ბენეფიციარმა, ხოლო ქუთაისში, ჩვენს ოფისში ფსიქოთერაპიული მუშაობა ჩატარდა 17 ადამიანთან (მათგან სამი ახალია).
მუშაობის შედეგები:
ბენეფიციართა ერთმა ნაწილმა გადალახა ძველი ტრავმები, მეორემ - აღიდგინა სულიერი წონასწორობა. კრიზისულმა ოჯახმა კონფლიქტის მოგვარებაზე დაიწყო მუშაობა. გამოვლინდა ძალადობის სამი მსხვერპლი, რომლებთანაც სეანსები გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ მოიქცეს ძალადობის შემთხვევაში, როგორ დაეხმაროს მსხვერპლს. რაც მეტი ადამიანი იქნება ინფორმირებული, მით უფრო ეფექტიანი იქნება რეაგირებაც, - ასეთია შეხვედრების მონაწილეთა საერთო შეხედულება.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში მნიშვნელოვანი სეგმენტია ინფორმირება, რომლის საფუძველზეც ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და შემდგომი რეაგირება. თერჯოლის, ქობულეთის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ამ კუთხით გამართულმა შეხვედრებმა უკვე მოიტანა შედეგები: ქალები ცენტრების მობილიზატორებთან ერთად მუშაობენ საკუთარი უფლებების დასაცავად და არსებული სერვისების მისაღებად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
შეხვედრები წარმატებულ ქალებთან.
საინიციატივო ჯგუფების წევრები ხვდებოდენენ წარმატებულ ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ ისტორიას, გამოცდილებასა თუ ცოდნას უზიარებდნენ მონაწილეებს.
ნანული ცხვედიანი, ნატალია ხუბუა, ხათუნა მაღლაკელიძე - ეს არის იმ ქალბატონების ჩამონათვალი, რომლებმაც წარმატებისკენ გრძელი და რთული გზა გაიარეს და დღეს სურთ სხვასაც დაეხმარონ.
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში წარმატებული ქალების წარმოჩენას.
ეკონომიკაში, ბიზნესში, საზოგადებრივ საქმიანობაში აქტიური ქალების პორტრეტის გაცნობამ დადებითი ემოციები გაუღვიძა მონაწილეებს და პოზიტიურად განაწყო, რაც მათი მოტივაციის გაზრდის საფუძველს ქმნის.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
გასაკვირია, მაგრამ ფონდ „სოხუმს“ სამი თეატრი აქვს: ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი და თოჯინების თეატრი.
ამ თვეში თოჯინების თეატრი გააქტიურდა, დაიწყო რეპეტიციები და წარმოდგენებიც გამართა.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფი პატარებისთვის ჩატარდა წარმოდგენა „გვრიტი“. ბავშვებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლი. მათთვის საყვარელი პერსონაჟები გასაგებ ენაზე საუბრობდნენ მეგობრობასა და სიყვარულზე.
20 ივნისს, დევნილთა/ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს კი ახალგაზრდა მსახიობები მაყურებლის წინაშე გამოვიდნენ ქუთაისში, „სიყვარულის სკვერში“. თოჯინების სიტყვებით გაჟღერებული ტოლერანტობის თემა საინტერესო აღმოჩნდა დამსწრეთათვის.
იყო აღტაცებული შეძახილები, ტაში, ფოტოგადაღებები...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში ივნისი დაეთმო კონფლიქტის ესკალაციის და გენდერული თანასწორობის საკითხებს, რაც მოზარდთა ინტერესის ბადეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
სატრენინგო კურსი ჩატარდა თერჯოლაში, ჩოხატაურში, ტყიბულში.
ცოცხალი მაგალითები, როლური თამაშები, ანიმაციური ფილმები ახალგაზრდებთან წარმატებული მუშაობის ყველაზე კარგი მეთოდებია ინფორმირებულობისა და უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
მოზარდები ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებთან ერთად მსჯელობენ აქტუალურ პრობლემებზე და გეგმავენ ახალ-ახალ ინიცირებულ ღონისძიებებს, რათა სხვებს გადასცენ სასარგებლო ინფორმაციები და ხელი შეუწყონ ჩართულობას კონფლიქტების პრევენციის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს მაცაცო ხახუბიაა, სენაკიდან.
ის ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანი თავად ქმნის საკუთარი წარმატების ფორმულას. ეს ფორმულა ზუსტად იმდენივეა რამდენი წარმატებული ადამიანიც არსებობს. მისი წარმატებაც თავად შექმნა, თავად დაწერა მთელი განვლილი ცხოვრებით.
აინტერესებს ყველაფერი, რაც მის ირგვლივ და იმის იქითაც ხდება. ყოველთვის აქვს ერთი მიზანი: შეცვალოს ცხოვრება, შეცვალოს უკესობისკენ, სანამ შეუძლია!
ის ამბობს, რომ ყველას შეუძლია გახდეს წარმატებული. ამისთვის კი მთავარია ადამიანებმა დატოვონ კომფორტის ზონა და გაიარონ ის გზა, რომელიც წარმატებამდე მიიყვანს.
„ცხოვრება ველოსიპედით სიარულს ჰგავს. თუ გინდა ბალანსი შეინარჩუნო, არ გაჩერდე, შეცდომაც ძვირფასია, რადგან ის ახალ შესაძლებლობებს გიჩვენებს“.
უყვარს ხელსაქმე. აკეთებს ყელსაბამებს, ბროშებს, თექის ფერწერულ სურათებს და სხვა ლამაზ აქსესუარებს. ყველაფერს ამზადებს სიყვარულით, ამიტომაც გამოდის ექსკლუზიური და ორიგინალური. „როცა რამეს ვამზადებ, მთელ სულს ვდებ მასში. თავიდან არც კი მიფიქრია იმაზე, რომ გამეყიდა, უბრალოდ მსიამოვნებდა ეს საქმე.“
ტყიბულში მრგვალ მაგიდაზე შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი.
შეხვედრაზე ჩატარდა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების და ბავშვთა მოვლის სერვისების კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემაკავებელი ორდერების, პრობლემების იდენტიფიკაციის და მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებული სტატისტიკა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)