ჩვენი ორგანიზაციის მონიტორინგის ანგარიშის „რატომ მიდიან ქალები?“ (https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/15769-2025-07-08-16-30-02) მიგნებების საფუძველზე მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა ათ მუნიციპალიტეტში თემის ლიდერებთან და ახალგაზრდებთან თანამშრომლობით ჩაატარა დისკუსიებისა და საკონსულტაციო შეხვედრების სერია, შემდეგ კი შეიმუშავა თემზე დაფუძნებული სამოქალაქო ინიციატივები:
ზუგდიდი (სოფელი ხურჩა) - „მიგრაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში“
სენაკი - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მიგრაციის პრევენციისთვის“
ვანი - „ინფორმირება ქალთა გაძლიერებისთვის“
ჩოხატაური - „ერთობით ყველაფერს დავძლევთ“
ხონი - „სათემო ინიციატივები მიგრაციის პრევენციისთვის“
ხობი - „თაობათაშორისი დიალოგი მიგრაციის პრევენციისთვის“
ფოტოებში კარგად ჩანს, რა შთამბეჭდავია ინიციატივებზე მუშაობა. ჩოხატაურში შეიქმნა შეხვედრების სივრცე, სადაც გაგრძელდება დიალოგი. ხონის სათემო განათლების ცენტრში გაჩნდა ლამაზი კუთხე ბავშვებისთვის - სანამ მშობლები სხვადასხვა კურსის სწავლებებს გადიან, ბავშვები გაერთობიან. ხობში, ორგანიზაცია „თოლისკურში“ ინიციატივის ფარგლებში წიგნები შეიძინეს და მკითხველთა კლუბი ამოქმედდა. ხურჩაში უკვე თავიანთი პრინტერი და აქვთ, საინფორმაციო და სხვა საჭირო მასალებსაც ამობეჭდავენ. სენეკში კი მანიკურის შემსაწავლელი კურსები დაიწყო...
ინიციატივების მიზანია: მიგრაციის სოციალურ და ემოციურ შედეგებზე ცნობიერების ამაღლება, მიგრაციის მავნე გავლენის შემცირება, მოზარდებსა და მიგრანტ მშობლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ხელშეწყობა, დევნილ ქალთა პრაქტიკული უნარების გაძლიერება, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის, სენაკის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქალთა ჯგუფებს შეხვდა ორგანიზაციის ფსიქოლოგი. შეხვედრების თემა იყო ძალადობა და მიზანი - ინფორმირება ძალადობის პრევენციასა და მხარდაჭერის მექანიზმებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქალების უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
დაგეგმილია მსგავსი შეხვედრების გაგრძელება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრის წესია, რომ აუდიტორია აქტიურად ჩაერთოს სცენებში, დისკუსიაში.
ეს იგრძნობოდა წყალტუბოს კერძო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე - ინტერესი და და სიტუაციის შეცვლის სურვილი...
მოსწავლეები დააფიქრა ნანახმა. ზოგმა საკუთარი თავი ამოიცნო სცენებში. ისინი გაეცნენ ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებს - მათ არ იცოდნენ, რომ ქვეყანაში ამდენი ბერკეტი არსებობს.
მეორე ჩვენება თერჯოლაში ჩატარდა, ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებთან.
ამფითეატრის სცენაზე მსახიობებმა წარმოადგინეს ოთხი სცენა. იყო საინტერესო ჩართულობა დისკუსიაში - ჯგუფის წევრებმა გახსნილად ისაუბრეს ქალთა პრობლემებზე. მაყურებლისთვის ნაცნობი და მტკივნეული იყო ყველა სცენა, რადგან ფორუმ-თეატრი რეალურად წარმოადგენს ძალადობის ყველა ფორმას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის სამობილიზაციო შეხვედრებმა ახალი ბენეფიციარები მოიცვა. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის ინფორმაცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებზე, მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე.
„მსგავსი სასარგებლო ინფორმაცია ყველა ქალს უნდა მიეწოდოს, რადგან მათ დაინტერესებას იწვევს. ამიტომ ინფორმაციის გავრცელება უნდა გაგრძელდეს,“- აღნიშნეს ბენეფიციარებმა.
ინფორმირების პარალელურად, მონიტორინგის შედეგად ახალი რისკის ჯგუფის ოჯახების იდენტიფიცირება მოხდა სენაკის, ხობის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ქეისების შინაარსიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე მობილიზატორები და პარასპეციალისტები აქტიურად ითანამშრომლებენ ამ ოჯახებთან. შემდგომ კი ფსიქოლოგი განაგრძობს მუშაობს, რათა კონფლიქტის განვითარების რისკები აღმოიფხვრას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კიბერბულინგი და კიბერუსაფრთხოება - ეს ახალი თემა გაჩნდა ნოემბრიდან ტრენინგებზე ახალგაზრდულ ჯგუფებთან.
ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს კიბერბულინგის არსი, ფორმები, შედეგები და ონლაინ ქცევის ეთიკური ნორმები.
რატომ გახდა საჭირო ამ თემის შემოღება?
წელს, მარტში ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაგვანახა პრობლემის აქტუალობა (კვლევის ანალიზი ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე -https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/15550-2025-03-05-13-41-37)
უკვე ჩატარდა პირველი ტრენინგები ახალგაზრდებთან. მონაწილეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში, გააანალიზეს ბულინგის რეალური სცენარები, ისწავლეს, როგორ იმოქმედონ, თუ კიბერბულინგის მსხვერპლი ან მოწმე გახდებიან.
დისკუსიის და ვიდეომასალის ნახვის შემდეგ მათ გააცნობიერეს, რომ ციფრული სამყარო ისეთივე რეალურია, როგორც ყოველდღიური ურთიერთობები და თითოეულს შეუძლია საკუთარი ქცევით შექმნას უსაფრთხო ონლაინ გარემო.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა შეიმუშავეს პირადი „მოქმედების დაპირება“, რომელსაც დანერგავენ ონლაინ სივრცეში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოჯახში ძალადობის თემა რამდენად აქტუალურია თემებში, რა საჭიროებები აქვთ რისკის ჯგუფის ოჯახებს, რა სახის დახმარებებია მნიშვნელოვანი, - ამ საკითხებზე იმსჯელეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე.
მონაწილეებმა კონკრეტული ქეისები გაიხსენეს და გამოკვეთეს, რამდენად რთულია ქალის მდგომარეობა, როცა მოძალადეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათი მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა ქალი და უჭირს პრობლემისგან თავის დაღწევა.
მონაწილეებმა ისაუბრეს ასევე მოძალადესთან მუშაობის აუცილებლობაზე, აღინიშნა, რომ საზოგადოებაში მაღალია აგრესია, რაც ოჯახური კონფლიქტებით არის გამოხატული.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ენერგია ისევ აინთო – დაიწყო ახალი ეტაპი, ახალი ჯგუფებითა და ახალი იდეებით! პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა მონაწილეთა ჯგუფები, რომლებიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაივლიან ტრენინგების სერიას კონფლიქტის მართვისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით.
პირველივე შეხვედრები გამოირჩეოდა სითბოთი, ნდობითა და აქტიურობით. ახალგაზრდებისთვის ეს სივრცე იქცა ადგილად, სადაც შეიძლება გულწრფელად ისაუბრო და მერე იმოქმედო - ძალადობის წინააღმდეგ, თანატოლებთან ერთად.
დისკუსიების დროს ახალგაზრდები აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, სწავლობენ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას, პატივისცემაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას და ძალადობის ამოცნობას და პრევენციის გზებს.
„ვხვდები, რომ ცვლილება ჩემით იწყება. მინდა, ჩემი მეგობრებიც მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობიანი ურთიერთობა და ერთმანეთის გაგება,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
ახალგაზრდების სურვილია, მიღებული ცოდნა გადაიტანონ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შექმნან გარემო, სადაც კონფლიქტი დიალოგით წყდება, ხოლო ძალადობას ადგილი არ აქვს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები, როგორ იყენებენ მიღებულ ინფორმაციებს ქალები? რა გამოწვევები აქვთ და რა ტიპის მხარდაჭერას საჭიროებენ? - ამ და სხვა კითხვებზე გასცეს პასუხი შეხვედრების მონაწილე ქალებმა.
- ინფორმაციის მიღება და მისი გამოყენება ძალადობის პრევენციას ემსახურება. ამიტომ ვცდილობთ ყველა ინფორმაცია გავიტანოთ, მივაწოდოთ იმათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება, - აღინიშნა შეხვედრებზე.
შეკრებილები ქალთა საჭიროებებზეც საუბრობდნენ. მათთვის მტკივნეულია მიგრაცია, ახალგაზრდების დაუსაქმებლობა, საზოგადოებაში არსებული მაღალი აგრესია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ „სოხუმს“ გერმანიიდან განსაკუთრებული სტუმრები ეწვივნენ - ჩვენი დონორი ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ წარმომადგენლები: დოროთეა ვოლფი, კლაუდია ჰინდერერი და ალინა ჰირშმეიერი.
ვიზიტის დასაწყისშუ მათთვის მოეწყო ჩვენი საქმიანობის პრეზენტაცია მიმართულებების მიხედვით: ქალთა მხარდაჭერის ცენტრები, ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები, სარეაბილიტაციო ცენტრი, დღის ცენტრები, ფორუმ-თეატრი, პროექტის სამშვიდობო საქმიანობის კომპონენტი, მონიტორინგი და ადვოკატირება, საინფორმაციო მუშაობა.
ახალგაზრდულმა ფორუმ-თეატრმა ჩვენი ოფისის ეზოში წარმოადგინა ინგლისურ ენაზე მომზადებული სცენა, რამაც სტუმრების აღტაცება გამოიწვია.
სტუმრები გაეცნენ ქუთაისის და სენაკის დღის ცენტრების საქმიანობას, გაესაუბრნენ პოლიმერული თიხის და ჭრა-კერვის კურსების მონაწილეებს, შეუქეს ნახელავი.
სენაკში შეხვდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტ ქალებს, წყალტუბოში კი დაესწრნენ ტრენინგს ახალგაზრდებთან.
ყოველივე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს დონორებზე. მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა, ფონდი „სოხუმი“ წარმატებით განაგრძობს მუშაობას ქალებთან და ახალგაზრდებთან, რაც სასიხარულო და დასაფასებელია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოქტომბერში სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ ქალები სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან.
მათთან კომპლექსურად იმუშავეს ფსიქოლოგმა, იურისტმა და სოციალურმა მუშაკმა. ყველაზე მეტ დროს ფსიქოლოგი ატარებდა. ამიტომაც მას სათქმელიც მეტი აქვს:
„ყოველდღიური ურთიერთობით თანდათან გაიხსნა მათი შინაგანი სამყარო. ამბობდნენ, რომ ხმამაღლა არასდროს უსაუბრიათ იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც წლების მანძილზე ტვირთად ატარებენ. ერთ მათგანს ბავშვობიდან ჩაუნერგეს მორჩილებაში ცხოვრება და, უკვე ასაკში მყოფი, კარგად ხვდება, რა ზიანი მოუტანა უსიტყვო მორჩილებამ, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია... მისთვის შვება იყო, როცა ვუსმენდი მის ისტორიას. არ უნდოდა საუბრის დასრულება, იმიტომ რომ უსმენდნენ“.
ქალებმა ჩანაწერები დატოვეს. ფრაგმენტები მათი წერილებიდან:
„ადგილი, სადაც ვისვენებ, არის სულიერი სამოთხე“...
„ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა ცხოვრება, ცოტა სხვანაირად რომ მეცხოვრა“...
„ეს არის ადგილი, სადაც შევძელი მეფიქრა ბედნიერ მომავალზე და, ვფიქრობ, აუცილებლად დავაღწევ თავს წარსულის მოგონებებს. მიყვარხართ“...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
