
კოვიდ-19-ის პანდემიამ ბევრი სიძნელე შეუქმნა ადამიანებს. ფონდი „სოხუმი“ ეცადა, ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა მათთვის პრობლემები და 10 მუნიციპალიტეტში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა საჭირო პროდუქტების ნაკრები გადასცა 400-მდე ოჯახს (სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი დედები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები).
ამ დღეებში საქველმოქმედო აქციის მეორე ეტაპი განხორციელდა და დამატებით კიდევ სამ-სამ ოჯახს (სულ 30 ოჯახს) გაეწია დახმარება ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.


როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაციის მეთოდები ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, როგორ გავზარდოთ მისი ეფექტიანობა, როგორ მოვახდინოთ კონფლიქტის გამომწვევი რისკების იდენტიფიცირება და რა გავაკეთოთ მისი სწრაფი მოგვარების კუთხით - ეს საკითხები იყო განხილვის თემები ონლაინ შეხვედრებზე ქუთაისში, ხონსა და ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ ოჯახურ წყვილებთან. მსჯელობის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ბავშვებიც, რომლებმაც გაგვიზიარეს, როგორ ურთიერთობენ მშობლებთან.

